შაბათს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის ორი პოლიციელია. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარცინ კერვინსკის განცხადებით, ერთ პოლიციელს ერთი ტყვია მოხვდა, მეორეს კი სამი. მეორე პოლიციელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
პოლონური მედიის ცნობით, თავდამსხმელი ავტომობილიდან ისროდა ბაზრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა მარიამის ბაზილიკასთან ახლოს. ბაზილიკა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარია. კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მდებარე ბაზრის მოედანი (Rynek Główny) ევროპის შუა საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს მოედნად ითვლება და პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დააკავა. სამართალდამცველები თავდასხმის გარემოებებსა და მოტივს იკვლევენ. კრაკოვის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ბაზრის მოედანზე ავტომობილით გადაადგილდებოდა და შემთხვევით გამვლელებს ესროდა. მან ყველა წმინდანის მოედანზე ტრამვაისაც გაუხსნა ცეცხლი. დაკავებისას პოლიციელებმა ეჭვმიტანილი დაჭრეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელი პოლონეთის 24 წლის მოქალაქეა
პოლიციამ დაადგინა, რომ დაკავებული პოლონეთის მოქალაქეა და უარყო ინფორმაცია, თითქოს თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. ონლაინგამოცემა Onet-ის ცნობით, დაკავებული 24 წლის მიხალ ო. ქალაქ ოსტროვეც-შვიენტოკშისკიდანაა. მას ორი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ნებართვა ჰქონდა. ის მართავდა „სუბარუს“, რომელიც მამამისის სახელზე იყო რეგისტრირებული. მისი 52 წლის მამა შვიენტოკშისკის სავოევოდოში ცხოვრობს. მას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვა აქვს და სულ 11 ერთეულ იარაღს ფლობს. არც მამა და არც შვილი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილან.
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში Onet-ის წყაროების ცნობით, ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა უარყო. „ეს პირი არც ახლა მსახურობს და არც ოდესმე უმსახურია პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში. მას ჯართან არასოდეს ჰქონია რაიმე კავშირი“, – დაწერა მან X-ზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან ოპერატიულ ინფორმაციას იღებს.


