პენტაგონმა ევროპის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირების გეგმებს გადახედა: ახლა იგეგმება არა 25 ათასი სამხედროს გაყვანა, როგორც ამას ქვეყნის ნატოელი მოკავშირეები ელოდნენ, არამედ მხოლოდ დაახლოებით ხუთი ათასის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა. ამჟამად კონტინენტზე დაახლოებით 80 ათასი ამერიკელი სამხედროა განლაგებული.
სააგენტოს ცნობით, გეგმების ცვლილებაზე გავლენა იქონია ნატოს ქვეყნების მზადყოფნამ, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, ასევე პენტაგონის ხელმძღვანელობის მიერ იმის გაცნობიერებამ, თუ რამდენად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები ევროპაში განლაგებულ ჯარებზე. „აქ ბევრი რესურსი გვაქვს, თანაც ზუსტად იქ, სადაც გვჭირდება. რაიმე მასშტაბურ ცვლილებებს არ ველი“, — განაცხადა ნოემბრის დასაწყისში ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა.
დაგეგმილი შემცირება ძირითადად გერმანიას შეეხება, სადაც ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო კონტინგენტია განლაგებული. ამავდროულად, როგორც Bloomberg წერს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი გაძლიერდება. მეტიც, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ამისთვის საჭირო ხარჯების ნაწილი საკუთარ თავზე აიღონ.
საბოლოო გადაწყვეტილებას ტრამპი მიიღებს — მოხსენებას მას 1 დეკემბერს წარუდგენენ
სექტემბერში აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა, ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ელბრიჯ კოლბის, წარუდგინა მოხსენება კონტინენტზე ამერიკული ჯარების შემდგომი განლაგების შესაძლო სცენარების შესახებ.
ახლა კოლბიმ საკუთარი მოხსენება უნდა მოამზადოს და თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტს წარუდგინოს, რომელიც, თავის მხრივ, რეკომენდაციებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გააცნობს. მოსალოდნელია, რომ ეს 1 დეკემბერს მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი მიიღებს.
როგორც Bloomberg შეგვახსენებს, ტრამპის მიერ 2025 წლის დეკემბერში დამტკიცებული რეკორდული, 901 მილიარდი დოლარის მოცულობის თავდაცვის ბიუჯეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 76 ათასზე ქვემოთ შემცირებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე კრძალავს სამხედრო ბაზების დახურვას ან შეიარაღების ძირითადი სახეობების გატანას მოკავშირეებთან წინასწარი კონსულტაციებისა და რისკების ანალიზის გარეშე.


