თქვენ გგონიათ, აქამდე არ იცოდნენ, რომ 41 მილიონი იყო მოპარული და თქვენ გგონიათ, რომ ამ 41 მილიონიდან კახა კალაძესთან არ იყო მილიონები მიტანილი? – ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა, რითაც მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირის დაკავებას გამოეხმაურა.
„ახლა, უბრალოდ, დასჭირდათ კონკრეტული პირები, რომლებმაც რაღაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, როგორც ხდება ხოლმე და როგორც ღარიბაშვილის ნაწილში მოხდა. თქვენ გგონიათ, არ იცოდნენ, რომ ღარიბაშვილი ფულს იპარავდა? არ იცოდნენ, რომ მერიის ტენდერებიდან ფულს იპარავდნენ?
41 მილიონს ამ ქვეყანაში ვერავინ მოიპარავს, თუ ეს მაღალი თანამდებობის პირთან შეთანხმებული არ არის, ამ ვითარებაში შეუძლებელია ვინმეს მოეპარა 41 მილიონი ისე, რომ კახი კალაძესთან ეს არ ყოფილიყო შეთანხმებული იმიტომ, რომ ამ 41 მილიონიდან ნაწილი კახი კალაძესთანაც წავიდოდა და ნაწილი პარტიის „შავ ყულაბაშიც”. ამდენი ხანი სწორედ ამიტომ იყო ეს თემა ესე. ისე იქნება მოპარული, როგორც ეს ხდება შადრევნებიდან, პარკებიდან, სკოლის თუ ბაღის მშენებლობებიდან, ყველაფრიდან ფულია მოპარული, ამიტომ იწელება ზოგიერთი მშენებლობა წლობით, ამიტომ არ სრულდება სრულყოფილად“,- აღნიშნა ვიკა ფილფანმმა.
ფილფანის შეფასებით, წლების განმავლობაში ქვეყანაში კორუფციას უამრავი უბედურება მოჰყვა.
„აქ მთავარი და ყველაზე მძიმე ამბავი არის ის, რომ ამ კორუფციას ამ ქალაქში წლების განმავლობაში მოჰყვა ძალიან ბევრი უბედურება და ტრაგედია, დაწყებული ვაკის პარკით, სადაც ბავშვი გარდაიცვალა იმიტომ, რომ არ იყო დასრულებული შადრევანი და ჩაბარებული ჰქონდა მერიას. დაიჭირეს იმ ტენდერის ხელმძღვანელი, რომელიც მალევე გამოუშვეს და მერე ისევ სხვა ტენდერებში მიაღებინეს მონაწილეობა.
აგერ ვაგზლის მოედანზე ბათქაში ჩამოცვივდა და მოქალაქეები დაიღუპნენ, დოქებთან ჭაში ბავშვი ჩავარდა და გარდაიცვალა. მეტროსადგურებში რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მძიმე არის ის, რომ კორუფციული შედეგები ამ ქვეყანაში მოქმედებს ყველა მოქალაქეზე და ახლა კახი კალაძე, რომ კორუფციაშია, ეს ახალი არავისთვის არ არის, ჩვენზე უკეთ იციან მისმა გუნდის წევრებმა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილმაც, თუმცა როდემდე დასჭირდებათ კახი კალაძის კორუფციონერობა და როდის გადაწყვეტენ, რომ აღარ სჭირდებათ, ამას ალბათ, დრო გვიჩვენებს“, – აღნიშნა ვიკა ფილფანმა.


