საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში საპროტესტო აქციების ორი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რეპრესიებმა საქართველოში საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფერო მოიცვა.
„მთავრობის რეპრესიების ორწლიანი ესკალაციის შემდეგ, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე სფეროღა დარჩა ხელუხლებელი. დაწყებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯებით, დამთავრებული პროტესტში მონაწილეობის გამო ასობით ადამიანის მიზანში ამოღებით – რეპრესიები ახლა ღრმად არის გამჯდარი ქართული საზოგადოების ქსოვილში“, – აცხადებს კრივოშეევი.
Amnesty International-ის წარმომადგენლის თქმით, შეტევის ქვეშაა შემოქმედებითი გამოხატვა და პოლიტიკური სატირაც: მუსიკოსებს საპროტესტო სიმღერების გამო ემუქრებიან და აჯარიმებენ, ჟურნალისტებს სატირული პოსტებისთვის აკავებენ, კომიკოსებს კი ხუმრობების გამო ესხმიან თავს.
„პოლიციის ძალადობაზე მართლმსაჯულება კვლავ მიუღწეველი რჩება, რაც შემდგომ დარღვევებს ახალისებს; დემონსტრანტების ბოლოდროინდელი გათავისუფლება და ძალის გადამეტებისთვის რამდენიმე პოლიციელის გასამართლება ვერ შენიღბავს მიმდინარე უსამართლობის მასშტაბებს, მაშინ როცა ათობით ადამიანი, მათ შორის მათე დევიძე, უსამართლო სასამართლო პროცესების შედეგად კვლავ პატიმრობაში რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანმხლებ მიმოხილვაში კი ორგანიზაცია 2024 წლის ნოემბრიდან განვითარებულ მოვლენებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ ორწლიან პერიოდში 150-ზე მეტი პირი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების შედეგად დააპატიმრეს, ხოლო მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევისას წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ 300-ზე მეტმა მოქალაქემ განაცხადა.
Amnesty International ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ ფაქტებზეც – მათ შორის, მუსიკოსების, კორძისა (Kordz) და სოფო ბათილაშვილის დაჯარიმებაზე, ჟურნალისტ ვახო სანაიას ორჯერ დაკავებაზე, კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაზე, აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ AI-გენერირებული ვიდეოებით წარმოებულ კამპანიასა და აქტივისტ სერგი ყანჩელის მიერ პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში ხუთი პოლიციელი გასამართლდა (ზვიად მაისაშვილის, გურამ როგავასა და ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეებზე) და 7 მსჯავრდებული აქტივისტი შეიწყალეს, პასუხისგებაში არცერთი ხელმძღვანელი პირი არ მიცემულა, ხოლო სულ მცირე 167 დაზარალებულის საქმეზე გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია.


