უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ალ-ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი მზად არის საბრძოლო მოქმედებები „შეხების ხაზის“ გასწვრივ შეაჩეროს, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ოფიციალურად არასდროს აღიარებს.
ზელენსკის თქმით, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯარების გაყვანის მზაობას არ ავლენს, უკრაინის პოზიცია ასეთია: „მოდით, აქ გავჩერდეთ და დიპლომატიაზე გადავიდეთ“. ამასთან, უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული ქალაქები და დაბები უკრაინას ეკუთვნის, ხოლო მშვიდობის სანაცვლოდ მიწების დათმობამ შესაძლოა მოსკოვს „უფრო შორს წასვლისკენ“ უბიძგოს.
ინტერვიუში ზელენსკიმ ომის დასრულების პროცესში აშშ-ისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლზეც ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი გააგრძელებს მუშაობას კონფლიქტის დასასრულებლად ისე, რომ მშვიდობის საფასურის გადახდა მხოლოდ უკრაინას არ დააკისროს. „კიევის იძულება ტერიტორიების დასათმობად უსამართლობა და შეცდომა იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-ისთვისაც“, – განაცხადა პრეზიდენტმა და ვაშინგტონს მოუწოდა, გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და განიხილოს კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი, რათა პუტინი მოლაპარაკებებზე წასვლა აიძულონ. ზელენსკის თქმით, ის 3 იანვრიდან აშშ-ის ახალ, დემოკრატების მიერ კონტროლირებად კონგრესთანაც აქტიურად ითანამშრომლებს.


