30 ნოემბერს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს საქმის განხილვას იწყებს. მას ბრალად ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები „ნარკოტიკებთან ომის“ დროს, რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
როდრიგო დუტერტე ახლა 81 წლისაა. ის პირველი აზიელი ლიდერია, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალი წაუყენა. თუ მას დამნაშავედ ცნობენ, შესაძლოა, დუტერტე გახდეს სახელმწიფოს ან მთავრობის პირველი ყოფილი მეთაური, რომელსაც ეს სასამართლო მსჯავრს დასდებს.
დუტერტეს პროცესი ერთგვარი გამოცდა იქნება სასამართლოსთვის, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ გავლენიანი პირები პასუხისგებაში მისცეს, როდესაც ეროვნული სასამართლო სისტემები ამას ვერ ახერხებენ ან ამის სურვილი არ აქვთ.
ვინ არის როდრიგო დუტერტე?
დუტერტე ფილიპინების პრეზიდენტი 2016-2022 წლებში იყო. ის ხელისუფლებაში იმ დაპირებით მოვიდა, რომ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას მკაცრად შეებრძოლებოდა და ქუჩის დანაშაულს აღმოფხვრიდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყნის სამხრეთში მდებარე დიდი ქალაქის, დავაოს მერი იყო, დუტერტემ დანაშაულთან შეურიგებელი მებრძოლის სახელი მოიპოვა. მისი თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად მშვიდობა და წესრიგი იყო საჭირო.
ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკების პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, დუტერტეს მართვის ავტორიტარული სტილი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის თავს პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარეთ მდგომ კანდიდატად წარმოაჩენდა და ფილიპინების პროვინციების მცხოვრებლებს მათი ინტერესების დაცვას ჰპირდებოდა. ეს ადამიანები გრძნობდნენ, რომ მანილას ელიტა მათ ინტერესებს უგულებელყოფდა.
მისი განცხადებები ზოგჯერ შოკისმომგვრელი იყო.
ის სექსისტურ განცხადებებს აკეთებდა, შეურაცხყოფას აყენებდა აწ გარდაცვლილ რომის პაპ ფრანცისკესა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ერთხელ კი საკუთარი თავი ჰიტლერსაც შეადარა. წლების შემდეგაც დუტერტე „ნარკოტიკებთან ომის“ გამო სინანულს არ გამოხატავდა. ვიდეოჩანაწერში, რომელიც ჰააგაში მისი გადაყვანისას გადაიღეს, ის კითხულობს: „რა არის კანონი და რა დანაშაული ჩავიდინე?“
2025 წელს, როცა უკვე სხვა ქვეყანაში პატიმრობაში იმყოფებოდა, დუტერტემ დავაოს მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ამ ქალაქში ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
დუტერტე გავლენიან პოლიტიკურ კლანს ხელმძღვანელობს. მისი ქალიშვილი სარა ფილიპინების მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია, ვაჟი სებასტიანი კი დავაოს ვიცე-მერია და ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. მისი უფროსი ვაჟი პაოლო კონგრესის წევრია.

სასამართლო ბრალდების სამ პუნქტს განიხილავს. ისინი უკავშირდება მკვლელობებს, მკვლელობის მცდელობებსა და სხვა დანაშაულებს, რომლებიც, ბრალდების თანახმად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 16 მარტამდე ჩაიდინეს.
ეს პერიოდი მოიცავს დუტერტეს დავაოს მერობის ბოლო წლებს და მისი საპრეზიდენტო ვადის პირველ ნახევარს. სასამართლო ათობით ეპიზოდს განიხილავს, რომლებიც, მისი შეფასებით, ასახავს, როგორ იყენებდა დუტერტე „სიკვდილის ესკადრონებს“ ნარკოტიკების გამავრცელებლებისა და მომხმარებლების დევნისთვის.
პრეჟხხხხხცდზიდენტობისას დუტერტე ღიად მოუწოდებდა პოლიციას, ესროლა და მოეკლა ნარკოტიკებით ვაჭრობასა და მათ მოხმარებაში ეჭვმიტანილი პირები. უცნობი შეიარაღებული პირები ადამიანებს ხშირად ქუჩებსა და ჩიხებში ხვრეტდნენ. ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

უფლებადამცველების თქმით, კამპანია ქალაქის ღარიბ მოსახლეობაში წვრილი ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ იყო მიმართული, მსხვილი ნარკომოვაჭრეები და ნარკოკარტელების ხელმძღვანელები კი დაუსჯელები დარჩნენ. ეჭვმიტანილებს ხშირად გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე კლავდნენ.
მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, უცნობი დარჩება. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 30 ათასამდე ყოფილიყო. ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პერიოდი 2017 წლის აგვისტო იყო. მაშინ მანილას მახლობლად, ბულაკანის პროვინციაში, ერთ ღამეში 32 ეჭვმიტანილი მოკლეს.
დუტერტე და მისი მთავრობის წარმომადგენლები ამ ბრალდებებს „ამაზრზენ სიცრუეს“ უწოდებენ. პოლიცია ამტკიცებს, რომ იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იყენებდა.
როგორ აღმოჩნდა დუტერტე ჰააგაში?
პრეზიდენტობისას დუტერტეს სასამართლო დევნისგან იმუნიტეტი იცავდა. მისი ვადის დასრულების შემდეგ ოჯახმა პოლიტიკური გავლენა შეინარჩუნა და გარკვეული ხნით მის მემკვიდრესთან, პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსთან, ალიანსში დარჩა. არჩევნებში მარკოსი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, სარა დუტერტე კი მისი პოლიტიკური პარტნიორი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. სარა ვიცე-პრეზიდენტი გახდა. მარკოსი აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისი წინამორბედის დაკავების უფლებას არ მისცემდა.
თუმცა 2022 წლის არჩევნებიდან მალევე მარკოსებისა და დუტერტეების ალიანსმა დაშლა დაიწყო. ორმა ოჯახმა განსხვავებული პოლიტიკური კურსი აირჩია. სარა დუტერტე, რომელსაც ბევრი მარკოსის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნევდა, თავად მოექცა კორუფციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების ცენტრში. ამის შემდეგ დუტერტეს მოკავშირეებმა მარკოსის კრიტიკა დაიწყეს.

საბოლოოდ მარკოსმა პოზიცია შეიცვალა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დუტერტეს დაკავების საშუალება მისცა. ყოფილი პრეზიდენტი 2025 წლის მარტში მანილის აეროპორტში დააკავეს, როცა ის ჰონკონგიდან შინ ბრუნდებოდა. დუტერტე, რომელიც ცოტა ხნით ადრე ხელშეუხებლად მიაჩნდათ, ჰააგაში Gulfstream-ის ბიზნესჯეტით გადაიყვანეს.
ის, თუ რამდენად სწრაფად ჩააბარეს დუტერტეს დაკავების ორდერი და მოახდინეს მისი ექსტრადიცია, ცხადად აჩვენებდა, რამდენად შეიცვალა პოლიტიკური ძალთა ბალანსი.
რატომ არის დუტერტეს სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანი?
პროცესი „ნარკოტიკებთან ომის“ დროს დაღუპული ფილიპინელების ოჯახებს შესაძლებლობას მისცემს, მათი ხმა ბოლოს და ბოლოს გაიგონ. ბევრი მათგანი წლების განმავლობაში დუმილს ამჯობინებდა, სანამ დუტერტე და მისი მოკავშირეები ხელისუფლებაში იყვნენ. პროცესის გახსნას დაღუპულთა რამდენიმე ქვრივი და ობოლი შვილი დაესწრება.
პროცესის შედეგზეა დამოკიდებული ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური დინასტიის ბედი. მისი მრავალწლიანი დაპირისპირება მეტოქე ოჯახთან კულმინაციას უახლოვდება.
ამავდროულად, კორუფციის ბრალდებების საფუძველზე დაწყებული სარა დუტერტეს იმპიჩმენტის პროცედურის დასრულებამდე სულ რამდენიმე კვირა რჩება. თუ მას დამნაშავედ ცნობენ, 2028 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლებას დაკარგავს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის დუტერტეს საქმე გამოცდა იქნება, რამდენად შეუძლია მას მუშაობა სულ უფრო პოლარიზებულ გეოპოლიტიკურ გარემოში.
გასულ წელს დუტერტეს ჰააგაში გადაყვანას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სასამართლოსთვის ეს წარმატება იყო, რომელიც მას ძალიან სჭირდებოდა.
მანამდე სასამართლომ ორი ცნობილი პოლიტიკური ლიდერის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, დაკავების ორდერები გასცა. დღემდე ორივე ორდერი აღუსრულებელია.
როგორ წარიმართება სასამართლო სხდომები?
თავდაპირველად მოსამართლეები დუტერტეს ჰკითხავენ, ესმის თუ არა წაყენებული ბრალდებების არსი და ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.
შემდეგ შესავალ განცხადებებს ბრალდების მხარე და დაზარალებულთა წარმომადგენლები გააკეთებენ. დაცვის მხარესაც შეეძლება შესავალი განცხადებით გამოსვლა, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს.
შესავალი განცხადებების შემდეგ ბრალდების მხარე პირველ მოწმეს წარადგენს. დაცვის მხარე თავის მოწმეებს მას შემდეგ წარადგენს, რაც ბრალდების მხარის ყველა მოწმეს მოუსმენენ.
სასამართლო პროცესის საჯარო ონლაინტრანსლაცია 30-წუთიანი დაყოვნებით გადაიცემა.
სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილებას „გონივრულ ვადაში“ გამოიტანს. კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ბრალდებულის ბრალეულობა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ უნდა დამტკიცდეს.
საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შესაძლოა წლები გავიდეს.


