ტაძრის ერთ-ერთი მოძღვარი ამბობს, რომ სახურავზე კრამიტი ბეტონის გაშრობამდე მოაწყვეს, ფრესკების დაზიანების მიზეზად კი ვენტილაციის ჩაკეტვას ასახელებს, რომელიც გადახურვის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. ამის გამო, მისი თქმით, მონასტრის მსახურები ტაძრის განიავების მიზნით კარებს ღიად ტოვებდნენ, თუმცა, პრობლემას არც ამან უშველა.

,,სახურავზე ბეტონის დასხმის შემდეგ კრამიტი ისე მოეწყო, რომ ცემენტის გაშრობას არ დაელოდნენ, დახურული საჰაეროს გამო კი გამოშრობა ვერ მოხერხდა. ტაძარში ნესტიც ამიტომაა”.
რატომ დაზიანდა ასეთ მცირე დროში ძვირადღირებული სახურავი, ზუსტი პასუხი ამაზე არ არსებობს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათის მონასტერში რეკონსტრუქციის ხარვეზებით შესრულების გამო, სრულ პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას და მუნიციპალური განვითარების ფონდს აკისრებს.
მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.











