არ გვაქვს საფუძველი ვინმეს დაპირებებს დავუჯეროთ–ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების პასუხი ივანიშვილს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ივანიშვილის წერილის საპასუხო განცხადებას ავრცელებენ. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის სირცხვილია.
გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას შვილების განცხადების სრულ ვერსიას:
“მინდა გითხრათ, რომ გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე.
ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს… ქართული ოცნება უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.
რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი “მუჯლუგუნების” შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით!
სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს.“
გმადლობთ ყურადღებისათვის.
ცოტნე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია
29.03.19