ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია- მდინარაძე ეუთოს დასკვნაზე

ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ჯერ არ წაუკითხავს, მაგრამ ფიქრობს, რომ გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დადგენა შეუძლებელია და ოპოზიცია ხალხის მოტყუებას ცდილობს.

მდინარაძის განცხადებით, ეუთოს დასკვნაში არ წერია, რომ მოდელი კონსტიტუციურია, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობაზე საუბარი მანიპულაციაა.

,,ეუთო/ოდირ-ის დასკვნის გაცნობის გარეშეც ჩანს, რომ ისინი აპირებენ ახალი ტყუილი მოახვიონ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, რის უფლებასაც ნამდვილად არ მივცემთ, იურისტები ვართ და აქაც შეგვიძლია რაღაცების კითხვა. მთელ საზოგადოებას აინტერესებს გაგზავნილი იყო, თუ არა “გერმანული მოდელი” ეუთო/ოდირ-ში და ეუთო/ოდირი ამბობს თუ არა, რომ “გერმანული მოდელი” არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს და ახლა სიტყვებით მანიპულირებით ცდილობენ, რომ საქართველოს და ქართველ მოსახლეობას დააჯერონ, რომ “გერმანული მოდელი”, რომელზეც ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, რაც შეუძლებელია, რომ სადმე ეწეროს, ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა”,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ევროპულმა საქართველომ ეუთოსგან პასუხი მიიღო. ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნით, ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.