ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იტალიიდან ჩამოსული სამი პირი მოათავსეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პირი მოათავსეს, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და ტემპერატურა აღენიშნებათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ერთი მოქალაქე სარფის საბაჟოზე გამოვლინდა, ხოლო ორმა თვითონ მიმართა კლინიკას.

,,იტალიიდან საქართველოს სამი მოქალაქე ჩამოვიდა, რომელსაც რესპირატორული ჩივილები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. 37 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდათ, ისინი რისკ-ჯგუფ ქვეყანაში იმყოფებოდნენ. ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება. ერთი სარფის საბაჟოდან იქნა იდენტიფიცირებული, ორი კი თვითიზოლაციაში იყვნენ და თვითდინებით მიმართეს კლინიკას. კარანტინში 30 პირი იმყოფება, მათი ჯანმრთელობა არის დამაკმაყოფილებელი”,- თქვა ნინო ნიჟარაძემ. 

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 140 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 42.