ჩინეთის მოქალაქეები ქსენოფობიის პროპაგანდისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია- იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საღამოს, ბათუმი-თბილისის მატარებლის გაჩერებას ეხმიანება. მისი თქმით, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ჩინეთის მოქალაქეები ბულინგის მსხვერპლად აქცია.

პაატა იმნაძე ამ ფაქტს რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში მომხდარ შემთხვევას ადარებს, როდესაც ,,რუსული გავლენების აგენტები” იმ ავტობუსებს დაესხნენ თავს, რომლებითაც ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ევაკუაცია ქალაქში ვირუსის გავრცელებას გამოიწვევდა.

,,უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია”,- წერს სოციალურ ქსელში იმნაძე.

დღეს საღამოს ბათუმი-თბილისის მატარებელი 18:00 საათზე მგზავრების პანიკის გამო არ გავიდა. მგზავრები ამტკიცებდნენ, რომ მატარებელში რამდენიმე ჩინეთის მოქალაქე იყო, რომლებსაც სურდო ჰქონდათ. მათ პოლიციას და სასწრაფოდ გამოუძახეს.

ექიმების შემოწმების შემდეგ, არც ერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა.