“ჩვენ რატო უნდა დავინტერესდეთ “- თსუ რექტორის სავარაუდო პლაგიატზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აპირებს დაინტერესდეს აქვს თუ არა უნივერსიტეტის რექტორს ხარისხის დაცვის დროს პლაგიატის შემცველი ნაშრომი. ამის შესახებ უნივერსიტეტის პრესსამსახურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ამ ეტაპზე ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების საჭიროებას ვერ ვხედავთ. ჩვენ რატო უნდა დავინტერესდეთ ილიაუნიმ რა შეამოწმა?”- ასე უპასუხა ურნალისტებს უნივერსიტეტის პრესსამსახურის თანამშრომელმა. 

უნივერსიტეტი ირწმუნება, რომ არ იციან რა დოკუმენტი შეამოწმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომლის ბლანკით გავრცელებულ დოკუმენტშიც წერია, რომ გიორგი შარვაშიძის დისერტაციის მესამედი პლაგიატია. თუმცა ავრცელებენ, ვერსიას, რომლის მიხედვითაც “მაშინ შეიძლება სხვა სტანდარტები არსებობდა” 

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი დაასტურდება. საქმე ეხება 2003 წლის დისერტაციას, რომელიც შარვაშიძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა. 

,,გუშინ მივიღე ოფიციალური წერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც შავით თეთრზე, არაორაზროვნად წერია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში დადასტურებულია პლაგიატი ნაშრომის 34%-ის (!!!) მოცულობით”,- წერს პროფესორი და აქვეყნებს ილიაუნის ოფიციალურ წერილს.

წერილში ნათქვამია, რომ თსუ-ის რექტორის დისერტაციაში ბროშურის ტექსტი გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე.

,,გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას,”- წერია კაჭკაჭიშვილის გამოქვეყნებულ ილიაუნის დასკვნაში.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღანელის თქმით, რექტორი მანიპულაციურად მოიქცა და დისერტაცია გაატარა ისეთ ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turnitin), რომელშიც ბროშურა შეტანილი არ ყოფილა.