“გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს ეკონომიკის სამინისტრო და მის შედეგებს უნდა დაველოდოთ”, აცხადებს საქართველოს პერმიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები სავარაუდოდ, მალე დასრულდება.
“დაველოდოთ-მე ვფიქრობ, მოკლე დროში დასრულდება. ჩვენი ამოსავალი წერტილია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება”,განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას “გაზპრომთან” ხელშეკრულების განახლების თაობაზე დღეს დეპუტატების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. მინისტრს დღეს საკომიტეტო მოსმენაზე ელოდებიან და ერთ-ერთი თემა, რომელზეც ოპოზიცია აპირებს საუბარს, სწორედ “გაზპრომია”.გიორგი ქობულია ორი კვირის წინ ამბობდა, რომ ქართული მხარე “გაზპრომ-ექსპორტთან” ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აგრძელებს და ეს პროცესი თებერვალში დასრულდებოდა. მინისტრის მიერ დასახელებული ორკვირიანი ვადა უკვე ამოწურულია, თუმცა რას აპირებს ქართული მხარე, ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ამ დრომდე უცნობია.
“თვენახევარი გავიდა, “გაზპრომთან” ხელშეკრულება არ არსებობს. მიედინება გაზი რუსეთიდან სომხეთისკენ – ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.გვახსოვს, რა საშინელ კონტრაქტს მოაწერა ხელი კალაძემ ხელი და როგორი აჟიოტაჟი იყო მის მოგზაურობებზე მილანში, შვეიცარიაში, თითქოსდა, ქვეყნის გამარჯვების კონტრაქტი ჩამოჰქონდათ. გაზი, რომელიც უფასოდ მოეწოდება შაჰდენიზიდან საქართველოს და ასევე შეღავათიანი ფასით, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ამ სიმდიდრეს აზის ერთი მუჭა კლანი”ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე.
2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და “გაზპრომ–ექსპორტს” შორის ახალი კონტრაქტის თანახმად, რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეიცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. სწორედ აღნიშნულ კონტრაქტს ამოეწურა მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.
რა პირობებით აპირებს მთავრობა “გაზპრომთან” სატრანზიტო ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, ამ თემაზე პრემიერსაც დაუსვეს შეკითხვა. მამუკა ბახტაძემ იანვარში განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობი იყო, როდის დაიწყებოდა მორიგი მოლაპარაკება რუსულ კომპანია “გაზრპომთან: “ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ღებულობს ზოგადად სატრანზიტო ფუნქციიდან და ამას გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი ინტერესი. თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. შეკითხვას ოპოზიციის შიშზე, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლოა, კაბალურ, ქვეყნისთვის წამგებიან პირობებს დათანხდეს, ბახტაძემ უპასუხა, რომ ყოველთვის ცდილობს შინაარსობრივ პასუხს და უკვე თქვა, რომ საქართველო განაგრძობს სარგებლის მიღებას ნებისმიერი სატრანზიტო საქმიანობიდან.
“რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, იგივე პოლიტიკური გუნდი მათ შორის საუბრობდა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რომ მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.