ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის ადვოკატი ყველა იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, ვინც მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ წამებაში მონაწილეობდა. ამ დროისთვის საქმეზე მხოლოდ ერთი პოლიციელი, კონსტანტინე ქოჩიშვილია ბრალდებული. ის გუშინ ამოცნობის პროცედურის დასრულებისთანავე დააკავეს. მოზარდი ამტკიცებს, რომ ქოჩიშვილი სწორედ ის სამართალდამცველია, ვინც ის სცემა და სკამიდან გადმოაგდო, რა დროსაც ხელი მოიტეხა. არასრულწლოვანმა ამოიცნო კიდევ ერთი პოლიციელი აკაკი უგრეხელიძე, რომელიც მისი მტკიცებით, გაუპატიურებით ემუქრებოდა. თუმცა ის დაკავებული არ არის, რადგან გამოძების ინფორმაციით, მის წინააღმდეგ მხოლოდ მოწმის ჩვენება საკმარისი არ არის.
ფაქტის გახმაურების შემდეგ ბოლნისის პოლიციიდან აკაკი უგრეხელიძე გარდაბანში გადაიყვანეს.
აკაკი უგრეხელიძე დღეს “კურიერის” კამერას დაემალა. გარდაბნის პოლიციაში ჟურნალისტს უთხრეს, რომ ის საქმეზე იყო გასული. მისი ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა კი ამტკიცებს, რომ აკაკი უგრეხელიძე უდანაშაულოა და მოზარდი “ზღაპრებს ჰყვება”.
„ძიება მიმდინარეობს. დასაკითხია უამრავი პოლიციელი, ხალხი და აქედან გამომდინარე მე არ მაქვს ჯერ ჯერობით მაგის უფლება, რომ რაიმე ამ წუთას მტკიცებულება წარმოგიდგინოთ თქვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გპირდებით წარმოგიდგენთ მტკიცებულებას და დაგისაბუთებთ, რომ ეს არის ზღაპარი. ერთი პატარა ბავშვის ზღაპარი. გადაიყვანეს იმიტომ რომ არის პროფესიონალი და საჭირო იყო მისი იქ დახმარება. რა თანამდებობაზეც აქ იყო, იმ თანამდებობაზეა იქაც,“-განაცხადა ცოტნე ტყებუჩავამ.
კომენტარს არ აკეთებენ აკაკი უგრეხელიძის ოჯახის წევრებიც. ისინი მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ სამართალდამცველი ნამდვილად გარდაბნის პოლიციაში მუშაობს.
შემთხვევა ბოლნისში 2 თვის წინ მოხდა. ქურდობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს მოზარდის მტკიცებით სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აწამეს და ხელი მოტეხეს. იყო გაუპატიურების მუქარაც.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი გამომძიებელი, რომლის დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სავარაუდოდ საუბარია გამომძიებელზე, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის საქმეში.