ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა. ევროკავშირი გააგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, სოციალურ ქსელში წერს :

„ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გუშინ ჩატარდა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“