გამოღვიძება არ გვჭირდება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი- ცქიტიშვილი პარტნიორების კრიტიკაზე

,,გამოღვიძება არ გვჭირდება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი”,- ასე პასუხობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარტნიორების კრიტიკას.

,,არ გვჭირდება გამოღვიძება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი და როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია, დაინტერესებულნი ვართ, რომ დემოკრატიის ხარისხი და ნდობა დემოკრატიის ხარისხის მიმართ იყოს ძალიან მაღალი”,- ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” იზიარებს პარტნიორების მოსაზრებას, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომლითაც დემოკრატია და საარჩევნო კანონმდებლობა უნდა განავითარონ.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ დიალოგი არის ერთადერთი საშუალება და საქმიანი მიდგომა, მათ შორის პოლიტიკური საკითხებისადმი არის ერთადერთი საშუალება და ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ როგორც ჩვენი დემოკრატია, ასევე საარჩევნო კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ბრიფინგი, რომლიც დღეს ჩატარდა „ქართულ ოცნებაში“, იყო რეაქცია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ დაეტოვებინა მოლაპარაკებების მაგიდა და რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარნტიორების მოსაზრებას, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა და გვინდა ვიყოთ ამ დიალოგის ინიციატორიც. სალომე ზურაბიშვილიც, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მოწადინებულია, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს იმ კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში რაც მას გააჩნია“,- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მამუკა მდინარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და ოპოზიციას მოუწოდა, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. მისი განცხადებით, ოპოზიციამ გიგი უგულავას დაპატიმრება საბაბად გამოიყენა, რათა ,,აეყირავებინა მოლაპარაკების მაგიდა”.