გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში უნდა წარმოადგინოს განმარტებები, რატომ ვერ დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება-ლომჯარია

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში უნდა წარმოადგინოს განმარტებები, რატომ ვერ დასრულდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება-ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით შეუძლებელი იყო ზუსტად იმის შეფასება, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი და ტარდებოდა თუ არა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის განხილვის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ წარმოადგინოს ანგარიში და ამ ჭრილში გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ იმ საქმეების გამოძიებაც, სადაც ჩანს სისტემური პრობლემები პროკურატურაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ასევე გაიხსენა ის ფაქტი, რომ   პროკურატურამ გაზაფხულზე განაცხადა 2-თვეში საქმის დასრულების შესახებ, თუმცა, საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის.

„ვხედავთ, რომ გასულია 2 თვეზე გაცილებით მეტი, თუმცა, არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არ დასრულდა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.