“კარგია, რომ რუსეთს ემიჯნებით, კარგი იქნება, ნაცმოძრაობასაც მკაფიოდ გაემიჯნოთ” – კობახიძე ინაშვილს

“სინანული მინდა გამოვხატო ქალბატონი ირმას მიმართ, ვაწყენინე”, — ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა პარლამენტის ყოფილმა, თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში თავისი კიდევ ერთი გამოსვლა. თავის წინა გამოსვლაში კობახიძემ პატრიოტთა ალიანსს პრორუსული ძალა უწოდა, რამაც ინაშვილი გააღიზიანა.

“ვაწყენინე ქალბატონ ირმას, როდესაც საუბარი მქონდა საგარეო ორიენტაციაზე. ძალიან კარგია თუ ემიჯნებით ამ სტატუსს და საკუთარ თავს არ მიიჩნევთ პრორუსულ პარტიად. თუ გაემიჯნებით სიტყვითა და საქმით, ეს იქნება საუკეთესო”, –  განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საგარეო კურსთან დაკავშირებით პატრიოტთა ალიანსსა და ქართულ ოცნებას პრინციპული აცდენა აქვთ. რის შემდეგაც მან მოუწოდა ირმა ინაშვილს, რომ ნაცმოძრაობას თავიანთ განცხადებებში მკაფიოდ გაემიჯნონ, რასაც ინაშვილის რეპლიკები მოჰყვა:

“მე მეუბნები ამას? ირმა ინაშვილს ეუბნები ამას? სათვალე მოგაწოდო?”.

დღეს, 13 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უნდა უყარონ კენჭი. კენჭისყრა გუშინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.