მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი. საკარანტინო ზონას კი, შსს დრონებით აკონტროლებს.

,,ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები. ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საკარანტინო ზონას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები”,- აცხადებს შსს.

23 მარტს მარნეული და ბოლნისი კარანტინში მოექცა. 62 წლის ქალს, რომელიც მარნეულში ცხოვრობდა და მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მას 1700-მდე კონტაქტი ჰყავს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 67 შემთხვევა ფიქსირდება.