მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი- ბათუ ქუთელია

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას თქმით, ის არ არის არც ერთი პარტიის წევრი და წარმომადგენელი მოლაპარაკებებში.

მისივე განცხადებით, რამდენიმე ამერიკულ კომპანიისთვის ანალიტიკურ პროდუქტს ქმნის, მათგან ერთ-ერთია ენმ-ის ლობისტი კომპანია Orion Strategies.

ქუთელია აღნიშნავს, მისი ყველა საქმიანობა გამჭვირვალია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით.

,,საზოგადობრივი ინტერესებიდან გამომდირე , რადგანაც ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას:

ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამოდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთერთი ასეთი კომპანია ორიონ სტრატეგი. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარა ორიონ სტრატეჯი გააკეთებს დამატებით განმარტებებს.

ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან.

მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გაწყვეტის გზებზე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ The American Interest ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში”,- წერს ბათუ ქუთელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა მითითებული. ეს ფაქტი მალევე უარყო ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ და თქვა, რომ მდინარაძე ტყუის.