მზად ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია აუცილებლად გავითვალისწინოთ – საპატრიარქო

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარები შემოაქვს, ეკლესიებში დეზინდექციის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპატრიარქო ავრცელებს.

„არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები. აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.

ამასთან, როგორც საქართველოს საპატრიარქოს განუცხადეს, აღნიშნული კომპანიიდან დღეს დაუკავშირდებიან. აქედან გამომდინარე, საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელოდება კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას. როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“, – აცხადებენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.