“შეთანხმება,რომელიც 20 ივნისს გაფორმდა არ დაარღვიონ” – ნიკა მელია პარლამენტში მივიდა და სხდომაზე დასწრებას გეგმავს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. ნიკა მელიას განცხადებით, მას სურს დაესწროს მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ეხება.

„პირველ რიგში მოვედი იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს იმ საქმის ხორცშესასხმელად, რომლის რეალიზების შანსი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოქალქეებს თვალები დათხარა. არ მქონდა უფლება ამ კენჭისყრაზე არ მოვსულიყავი. ბოლო ერთი საათის განმავლობაში ვადევნებდით თვალს უნიჭო სპექტაკლს, რომელიც გულისხმობს ინიციატივის ჩაგდებას. არავის სჯერა, რომ ქართული ოცნების რაღაც ნაწილი ჩადგა რაზმში და აგრესიულები იყვნენ დილიდან, რომელმაც ბოლოს დააგვირგვინა მოთხოვნით, რომ გადაიგდოს საკითხი და გაიმართოს უმრავლესობის სხდომა. დარწმუნებული ვარ ხუნდაძე ამას ასრულებს ივანიშვილის დავალებით. ის არ არის დეპუტატი, რომელიც ახმოვანებს საკუთარ მოსაზრებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ივანიშვილს გონიერებისკენ. ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა საზოგაოდებასთან 20 ივნისის შემდეგ არ დაარღვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენებაა. სხდომის განახლების შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე იმსჯელებენ.