ორი თვის ჩვილი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს, გურჯაანიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ორი თვის ჩვილი გადაიყვანეს.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, ბავშვს აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია, აღენიშნებოდა ხველა და სხვა საეჭვო სიმპტომები, რის გამოც გადაწყდა, რომ ის ინფექციურ საავადმყოფოში გადაეყვანათ.

„ბავშვი თურქეთის მოქალაქეა, დედა ჰყავს ქართველი, აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია, ამიტომ გადაწყდა ის ბინაზე არ დაგვეტოვებინა და თბილისში გაგვეგზავნა“,- განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ბავშვის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება. მთლიანობაში ინფიცირებული 67 ადამიანია.