ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო 7 პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო ოზურგეთიდან შვიდი პირი იძულებით ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ამჟამად გურიაში თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება. აქედან, რვა პირი ლანჩხუთშია, ცხრა – ჩოხატაურში, 24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის, არჩილ მჟავიას თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც არ დაემორჩილება წესს, მოუწევს კარანტინში გადაყვანა. სწორედ ამ მოტივით, უახლესი ინფორმაციით, ოზურგეთიდან შვიდი პირი გადაყვანილია კარანტინში“, – განაცხადა მჟავიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში 439 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64. კორონავირუსით ინფიცირების სულ 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.