რა ფორმას მოძებნის ხელისუფლება გიგი უგულავას გასათავისუფლებლად

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დღეს შეთანხმება შედგა. მათ ორი მემორანდუმი გააფორმეს, ერთი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე პოლიტიკური პატიმრების შესახებ.

ერთ-ერთი პოლიტპატიმრად ოპოზიცია გიგი უგულავას მიიჩნევს. მემორანდუმის მიხედვით, სავარაუდოდ გიგი უგულავას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს. მას პარლამენტარების ნაწილი და დიპლომატები თხოვნით მიმართავენ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, უგულავას შეწყალებას გარკვეული სამართლებრივი დრო დაჭირდება, თუმცა იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ეყოფა პოლიტიკური გამჭრიახობა, რომ მიუხედავად იმისა, თვლის თუ არა უგულავას პოლიტპატიმრად, ის სიტუაციის განმუხტისათვის შეიწყალოს.

,,ეს ძალიან წაადგება პროცესის დალაგებას და ნორმალურ განვითარებას”,- ამბობს ბურჯანაძე.

,,ერთიანი საქართველოს ლიდერი” აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილი , რურუა და თამლიანი უფრო სწრაფად დატოვებენ საპატიმროს, რადგან მათ აღმკვეთი ღონისძიებები შეეცვლებათ, რაც პროცედურულად უფრო მარტივია.

,,ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წევრები პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებენ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა შეფასებას, მნიშვნელოვანია შედეგი.

,,ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს”,- ამბობს ბოკერია.

ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა რეზოლუციის ტექსტი, თუმცა უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ორივე მოთხოვნა მმართველმა ძალამ დააკმაყოფილა. 

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩიც.