სკოლაში სწავლის სავალდებულო წლების რაოდენობა იზრდება

სავალდებულო საბაზო განათლება 9-დან 10 წლამდე გაიზრდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ადასტურებს, რომ სამინისტრო მუშაობს ახალ სარეფორმო გადაწყვეტილებაზე, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს.

როგორც ჩიქობავა აცხადებს, რეფორმის მიზანია, მე-11 და მე-12 კლასი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე.

„რეფორმის შესაბამისად, მეათე კლასი ჩამოვა საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა. მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. როდესაც ვახსენებ პროფილს, ამაში ზუსტად ვგულისხმობ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

შეგახსენებთ, რომ რეფორმის ცვლილებამდე, სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლება 9 წელია.