თბილისის მერიამ ჭავჭავაძეზე 31 ათას ლარიანი ურნების დამონტაჟება დაიწყო

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსს ვებრძვით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც ქვეყნისა და ქალაქის მასშტაბით ხორციელდება. თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დაწყებულია, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს, ვამონტაჟებთ მიწისქვეშა ურნებს. ეს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ასევე, მოწესრიგდება ვიზუალური ნაწილი და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული პრობლემები. აქამდე თუ „თბილსერვის ჯგუფს“ ყოველდღე უწევდა მუშაობა და ნაგვის გატანა, ამ შემთხვევაში, მოუწევს სამ დღეში ერთხელ. როდესაც ურნების გადავსება მოხდება, ავტომატურად სიგნალი მოგვივა, მოვა შესაბამისი მანქანა და მოახდენს ნარჩენების გატანას“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, თითო ურნა 31 000 ლარი დაჯდა, ჯამში კი თბილისის მერიას  90 ცალი ურნა  2 მილიონ 790 ათასი ლარი დაუჯდა.