თუ ოპოზიცია ამბობს, რომ ნებისმიერი სისტემით მოიგებს, გაუგებარია, რატომ არ ეთანხმება 100/50-ს – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისთვის გაუგებარია, რატომ არ ეთანხმება ოპოზიცია ,,დღევანდელზე უკეთეს”, 100/50 საარჩენო სისტემის მოდელს, თუ ამბობს, რომ ნებისმიერი სისტემით მოიგებს.

მისი თქმით, პარტნიორების დიალოგი პოზიტიურად დასრულდება.

,,ძალიან ცოტა დაგვჭირდება ლოდინი იმისთვის, რომ ამ რიტორიკას, რომელიც იყო წინა თვეების განმავლობაში და დისკუსია, რომელსაც ვხედავთ, ძალიან მალე დასრულდება ძალიან პოზიტიურად.

ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან პირდაპირ გვქონდა საუბარი ჩვენს გეგმებსა და გადაწყვეტილებებზე, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ. პირდაპირ გეტყვით, მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას და შევძლებთ გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც განმუხტავს არსებულ სიტუაციას და დამიჯერეთ, ოპოზიცია, რომელიც ამ დღეებში ერთის მხრივ, აცხადებს, ნებისმიერი სისტემით მოვიგებთო და მეორეს მხრივ, არ ვეთანხმებით 100/50-ზეო/თუ ნებისმიერი სისტემით იგებენ, მაშინ გაუგებარია, რატომ არ ეთანხმებიან უკეთეს სისტემას, ვიდრე არის დღევანდელი”,- ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია, რომელიც სწრაფად გავიდა დიალოგიდან, პროცესში დაბრუნდება.

,,დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია, რომელიც სწრაფად გავიდა დიალოგიდან, დაბრუნდება ამ პროცესში. თქვენ დაინახავთ, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში და ისინი დაიწყებენ არჩევნებისთვის მომზადებას. ამის საფუძველი იქნება ის, რომ მოქალაქეები, შემდეგ ჩვენი პარტნიორები დაინახავენ, რომ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენი მოტივაცია არის, შევთანხმდეთ თამაშის წესებზე”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები 10 თებერვალს, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეწყვიტა. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებენ.