თუ ოპოზიციას შეთანხმება სურს, ყველა პირობა შექმნილია- თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შედგეს.

,,ჩვენი მხრიდან დღეს ყველა სამართლიანი, პრაგმატული და მოთხოვნილი პირობა არის აბსოლუტურად დაკმაყოფილებული და ეს იცის ოპოზიციამ”,- ამბობს თალაკვაძე.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” მხარს უჭერს 40%-იან პრინციპს, რაც ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით პარტიას მთავრობის დაკომპლექტების უფლება არ ექნება. თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს არც კი უფიქრია ამაზე საარჩევნო კამპანიის დაგეგმვისას, რადგან ყველა საპარლამენტო არჩევნებში ამაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. 

,,ოპოზიცია არ ელოდა, 10 დღის განმავლობაში მათი მთავარი სპიკერები ამბობდნენ, რომ პარტიას , რომელსაც 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაც ეს არის. ჩვენ არც კი გვიფიქრია ოდესმე ჩვენი კამპანიის დაგეგმვისას, არც ერთ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ არ გვქონია ამაზე ნაკლები შედეგი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად და მივიღოთ 40-ზე გაცილებით მაღალი შედეგი”,- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.  

რაც შეეხება მანდატების განაწილების პროპორციებს, თალაკვაძის განცხადებით, ეს მეორეხარისხოვანი იქნება, თუ კანონმდელობაში 40%-ის პრინციპი აისახება. 

,,თუ 40%-ის პრინციპი იქნება ასახული კანონმდებლობაში, 110/40-ზეც , 100/50-ზეც რეალურად ხდება მეორეხარისხოვანი, ვინაიდან ამ ჩამკეტის, ანუ ამ 40%-იანი ბარიერის დაწესების შემთხვევაში, ეს განაწილება 10-ით მეტი იქნება თუ ნაკლები, დიდ გავლენას საბოლოო შედეგებზე ვერ ახდენს”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” ლიდერი. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელს შეუშლის შეთანხმებას, მოუწევს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს აუხსნას, რა იყო რეალური მიზეზი და მოტივაცია, რაც შეთანხმებისთვის ხელისშემშლელი გახდა.

დღეს ,,ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო სისტემაზე იმსჯელეს.