ზალკალიანი საქართველოსა და ირანს შორის არსებული პრობლემის გადაჭრას აანონსებს

{{ARTICLEIMAGE}}
ოფიციალური თეირანის მიერ ირანის მოქალაქეების გაფრთხილების შემდეგ, არ ჩავიდნენ საქართველოში, ოფიციალურმა თბილისმა საგარეო უწყებაში შეხვედრები დაგეგმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისი მოადგილე უკვე შეხვდა ირანის ელჩს, მოხდა ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.

“დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები და მალე ორ ქვეყანას შორის პრობლემა აღმოიფხვრება. განვიხილეთ სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ ქართულ მხარეს “ცოტა განსხვავებული ინფორმაცია” ჰქონდა, მაგალითად, დეპორტირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, საქართველოში სტუმრობისგან თავი შეიკავონ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეებს მიღებული აქვთ მტკიცე რეკომენდაციები, საქართველოში ჩასვლისგან თავის შეკავების თაობაზე.

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანმა სწორედ ასე უპასუხა საქართველოს ხელისუფლების სვლას, არ შეუშვას თავის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქეები. ქასემი აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე ირანის 200-მდე მოქალაქეს უთხრეს უარი.

ირანის მედიის ინფორმაციით, თეირანი თბილისთან ურთიერთობების გარკვევას ცდილობდა. კერძოდ კი, საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნასა და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტებას მოითხოვდა.