კობახიძე გოლეთიანზე: ნაძირლობა ჩაიდინა, ამან ვერაფერი უნდა დააკლოს პროტესტს

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობა ისე არ არის დაკავშირებული ვარლამ გოლეთიანთან და მის ოჯახთან, როგორც ქრისტიანობა – პატრიარქ ილია მეორესთან.

“ნამოხვანის ჰესის საპროტესო მოძრაობა, ჩემი აზრით, არის სრულიად სამართლიანი და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი. ასევე, ჩემი აზრით, ეს მოძრაობა არ არის დაკავშირებული ცალკეულ პიროვნებებთან თუ ოჯახებთან, მაგალითად გოლეთიანების. როგორც ქრისტიანობა არ არის დაკავშირებული ილია მეორესთან, მეუფე სტეფანესთან თუ იაკობთან. გოლეთიანების ოჯახის უფროსი რომ მღვდელი ყოფილა და თან მეუფე სტეფანეს დაქვემდებარებული, მერე რა? აგერ მეც ვიყავი მღვდელი და მთლად ილია მეორეს დაქვემდებარებული”,– წერს კობახიძე.

მისივე თქმით, დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში გოლეთიანმა მეუფე სტეფანეს მხარი დაუჭირა, რაც “ნაძირლობაა”, თუმცა ამან ვერაფერი უნდა დააკლოს საპროტესტო მოძრაობას.

“საეკლესიო ნაძირლების მხარდაჭერა შეიძლება? მეუფე სტეფანეს მხარდაჭერა არის ნაძირლობა, თუ კონკრეტულად ვარლამ გოლეთიანი მიხვდება, რომ ნაძირლობა ჩაიდინა, ხომ კარგი, თუ არა და ამან ვერაფერი უნდა დააკლოს საპროტესო მოძრაობას. ასევე, გამოჩნდა რომ ჩვენი საზოგადოება უბრალოდ დაავადებულია რელიგიით. საერთოდ ქარიზმატულ ლოდერებს რომ არ ვეძიებდეთ სულ, რომ ვიპოვოთ და ეგრევე გავაფეტიშოთ კარგი იქნებოდა, ოღონდ ესეც მხოლოდ ჩემი პირადი აზრით, ცხადია”,– აცხადებს ბასილ კობახიძე.

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ტაძარში, სადაც დღეს დილიდან დაპირისპირება იყო, რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი და სხვა “რიონის ხეობის მცველები” ჩავიდნენ. გოლეთიანმა აღნიშნა, რომ წუხს ეპარქიაში განვითარებული მოვლენებით.

“ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი. ეს არის ჩვენი აქ მოსვლის მიზანი”,– აღნიშნა გოლეთიანმა.