საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები დემოკრატიისა და პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას ხელს უშლის, ხოლო სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, თავად სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური სისტემის სერიოზულად შელახვის საფრთხეს ქმნის, – ასეთ შეფასებას ვენეციის კომისია ახალ დასკვნაში აკეთებს, რომელიც საქართველოში 2026 წლის 4 მარტს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ეხება. კრიტიკის საგანია „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები.
„ვენეციის კომისიას მტკიცედ მიაჩნია, რომ განსახილველი კანონმდებლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და გაძლიერების მიზანს არ ემსახურება. პირიქით, ის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს უწესებს, განსაკუთრებით — გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას ხელს უშლის“ – ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიულ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის და მნიშვნელოვნად აფართოებს იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და უცხოურ დაფინანსებას ზღუდავს. ამავე დროს, ხელისუფლების კონტროლსა და მონიტორინგის უფლებამოსილებებს აძლიერებს. კომისია წერს, რომ გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის საფრთხის გამო მოქალაქეებმა შესაძლოა კანონიერი საქმიანობისგანაც შეიკავონ თავი. შედეგად კი, გამოხატვის, გაერთიანებისა და პოლიტიკური მონაწილეობის თავისუფლება იზღუდება.
„წინასწარი სამთავრობო კონტროლის, ფართო მონიტორინგის უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის პერსპექტივის წინაშე, ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა გონივრულად შეიკავონ თავი კონვენციით დაცული კანონიერი საქმიანობისგან. შედეგად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პოლიტიკური მონაწილეობის უფლების განხორციელება შესაძლოა შეიზღუდოს“ – წერია დასკვნაში.
კომისიის შეფასებით, მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით სერიოზულ კითხვებს აჩენს. სისხლის სამართლის გამოყენების არსებით გადახედვას კომისია პირდაპირ ითხოვს. ხოლო თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მაინც დარჩება, ის მხოლოდ მკაცრად აუცილებელ და პროპორციულ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს და დასჯადი ქმედებაც და სანქციაც ზუსტად უნდა განისაზღვროს. ასევე, კომისიის შეფასებით, კანონმდებლობაში ბუნდოვნადაა ტერმინები, რაც ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს.
„მარეგულირებელ ჩარჩოს სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა აკლია. ისეთი საკვანძო ცნებები, როგორებიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის ჩამოყალიბება“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“, ზედმეტად ფართო და არაზუსტი ტერმინებით არის ჩამოყალიბებული. ეს გაურკვევლობას ქმნის და ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს“ – ნათქვამია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის დასკვნით, მიღებული კანონები საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისგან დაცვის მიზანს არ ემსახურება. ამის ნაცვლად, მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს არაპროპორციულად ზღუდავს და პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობასაც ხელს უშლის.
„ეს კანონმდებლობა პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური სისტემისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, განსახილველი კანონმდებლობა მათი სერიოზულად შელახვის საფრთხეს ქმნის. გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი შორს მიმავალი, დაგროვებითი და მუდმივი ზომები დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივი განსაზღვრულობისა და პროპორციულობის პრინციპებთან თავსებადი ვერ იქნება. მათი ერთობლივი ეფექტი იძულებითი და მასტიგმატიზებელია და საბოლოოდ დემოკრატიულ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის“ – წერია დასკვნაში.
დასკვნის ბოლოს ვენეციის კომისია კიდევ ერთ გარემოებას აფიქსირებს: საქართველოს ხელისუფლებამ დასკვნის მომზადების პროცესში კომისიასთან თანამშრომლობა არ ისურვა. მანამდე კი მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.


