მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც პატიმარი გიორგი დავითაძე იმყოფება, 2 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრობს, როცა მისი თქმით ორმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა, ბადრაგებმა კი დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს საკნებიდან და სცემეს.
ელისაშვილის განცხადებით, ციხეში ვითარება მას შემდეგ აფეთქდა, რაც პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ საჯაროდ გადაუხადა მადლობა ბადრაგებს. ეს კი მას შმდეგ მოხდა, რაც გიორგი დავითაძემ ციხის თანამშრომლები ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.
„2 ოქტომბერს იყო ნამდვილი ბუნტი. ქუხდა და ზანზარებდა იქაურობა, ილეწებოდა ყველაფერი. ეს იყო ნამდვილი ბუნტი, იმიტომ, რომ ჩვენ გვერდით დავუდექით დაჩაგრულ ბიჭს. დაახლოებით 20-მდე ბიჭი დალეწეს ძვლებში და გაიყვანეს.
ჩემ გარდა დეესკალაცია ყველას აქვს გავლილი და ყველა მიხვდა რომ ეს სტანდარტი არ იყო. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია.
როდესაც პენიტენცირუი დაწესებულების უტიფარი უფროსი გამოვიდა და თქვა, არაფერი არ მომხდარა, მადლობა ბადრაგებსო, აი მაგ სიტყვის დამთავრებისთანავე დაიწყო ლეწვა ციხეში, ინგრეოდა იქაურობა. არაფერი ხდებაო თქვეს, მაგრამ 5 საათი რა ხდებოდა მე ხომ ვიცი.
ჩემს დერეფანში დღემდეა დალუქული საკანი, იმიტომ რომ პატიმარმა ჩაამტვრია ფანჯარა და ვენები გადაიჭრა. სისხლით იყო მოსვრილი საკანი. მეორემაც გააკეთა იგივე, იმ მეორემ მელაძის აგდაცემაშიც მოყვა ამის შესახებ.
9 პატიმრის სახელი და გვარი ვიცი, ვინც გაიყვანეს.
2-3 დღეააა ფეხის წვერებზე დადიან, ყველას თავს ევლებიან, რამდენიმე ბადრაგის გამო, ყველას არ უნდა მოეცხოს ჩირქიო. 1200 ლარად მუშაობენ ეს ადამიანები, ბევრი ღირსეულია.
გიორგის მამას ვიცნობ პირადად, მინდა მას მივმართო:
გიორგის გვერდით დგას ყველა ღირსეული კაცი ციხეში. მთელი ბიჭობა დგას მის გვერდით. კობახიძე და კალაძე როცა აგდებულად ლაპარაკობენ, მაგათ რომ დაიჭერენ ოჯახები შეაქცევენ გვერდს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


