პოზნერს არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, ენმ-მ ისარგებლა პროტესტით – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი საქართველოს არასდროს იქნება, კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაურღვევია.

“პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც არის ასევე ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს, აშშ-ს პასოპრტით, ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი, ამასთანავე მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდპასპორტი ასევე PCR ტესტზე, შესაბამისად ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში.

რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ–ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ისე ყოველი ინდივიდი”,– თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, პროტესტი ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიყენა, რათა საბოტაჟი მოეწყო.

“ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც ენმ–ს და სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის”,– თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პროსტეტის ფორმები მიუღებელი იყო.