ყოველთვის, როცა სტაჟიან სუპერმოდელს, ნაომი ქემბელს განმარტოება და დასვენება უნდა კენიაში, მალინდიში მდებარე საკუთარ ვილაში მიდის.
35 წლიანი ფენომენალური კარიერის მქონე მოდელმა აღმოსავლეთ აფრიკაში იპოვნა მყუდრო ადგილი, სადაც თავს განსაკუთრებულად გრძნობს. 1990–იან წლებში ქემბელი კენიაში, მალინდიში ჩასვლისას აღფრთოვანდა ამ ადგილით და ზღვისპირა ქალაქში იყიდა ვილა, რომელიც ოც წელზე მეტია მისთვის მყუდრო თავშესაფარია.
“ეს ადგილი ძალიან ამშვიდებს. ტელეფონზე საუბარიც აღარ გინდა. არ ცდილობ ტელევიზორის პოვნას. უბრალოდ გინდა წიგნები იკითხო და საკუთარ თავთან მარტო იყო. სიჩუმე, სიმშვიდე და სილამაზეა“– ამბობს ნაომი ქემბელი Architectural Digest–ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ის ამ ჟურნალის მაისის ნომრის გარეკანზე მოხვდა და საკუთარ ვილაზე ისაუბრა.
ვილაში უზარმაზარი სივრცეა. ის ღია ტიპის შენობაა, რომელსაც მაკუტის სახურავი ამშვენებს. ეს არის აფრიკული ტექნიკით ჩალისგან დამზადებული სახურავი. აუზი ზღვის წყლით ეზოდან პირდაპირ სასტუმრო დარბაზს უერთდება.
სახლი ძირითადად ადგილზე დამზადებული ხის ავეჯით არის მოწყობილი. მოდელი ამბობს, რომ ფაქტიურად სახლის უკანა ნაწილში სახელოსნო ქონდა.
სახლში ნახავთ ადგილობრივი ცნობილი ოსტატის, არმანდო ტანზინის ნამუშევრებს, რომლებიც მთელი რეზიდენციის გარშემო არის მიმოფანტული – ხის კარებებით დაწყებული ხელით დამზადებული აფრიკის უზარმაზარი რუკით დამთავრებული.
ქემბელი ამბობს, რომ ულამაზეს ავეჯს და ნივთებს აფრიკის სხვა ქვეყნებშიც ყიდულობს, მაგალითად სენეგალში და მაროკოში. “ყოველთვის, როცა სენეგალში მივდივარ ავეჯს ვყიდულობ. უბრალოდ ვინახავ, კოლექციას ვაგროვებ.“
უზარმაზარია კონტრასტი მის ლონდონურ თუ ნიუ იორკულ დინამიურ პროფესიულ ცხოვრებასა და კენიურ ოაზისს შორის.
“აქ ივლისში ჩამოსვლა ძალიან კარგია. ცხოველები ამ დროს კენიიდან ტანზანიაში გადადიან და შეგიძლია ამ ყველაფერს უყურო. უჩვეულო სანახაობაა. თითქოს National Geographic თქვენს თვალწინ ცოცხლდება.“–ამბობს მოდელი