ენმ გახდეს ქოლგა პარტია – უგულავა ახალი კოალიციის ინიციატივით გამოდის

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, ახალი ოპოზიციური კოალიცია შეიქმნას, სადაც “ქოლგა პარტია” ნაციონალური მოძრაობა იქნება.

მისი თქმით, ამ ერთიანობაში უნდა არსებობდეს ფრაქციები, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან და ეს კონკურენცია საჯარო იქნება.

“ახლა არის დრო, როდესაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. შუაშიზმი არ დახვდება ამომრჩეველს, იქნება ისევ ნაცი და ქოცი. წარმოვიდგინოთ, ლელო, გახარია, იგივე მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ალასანია, აქეთ დათო ბაქრაძე და ვინც ცალკ-ცალკე არიან,  წარმოიდგინეთ ასეთი ტიპის ერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, აქვს ფინანსური რესურსები, მედიარესურსები, ბიზნესგამოცდილება, ის ხომ აღარ არის ლერწამი შუაში?!

ეს იქნება გაერთიანებია, რომელზეც ვეღარავინ იტყვის, რომ ნაცები წამოარტყამენ, რადგან ის ძლიერი იქნება, ის შეიძლება 20%-მდე ავიდეს. აქედან მივიღებთ მსხვილ 2 სუბიექტს. ის მართაც დააბალანსებს, მასთან ერთად ნაციონალური მოძრაობა უკვე რეალურად იქნება კოალიციაში.

[…]ნაციონალური მოძრობა უნდა გახდეს “ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, ოღონდ იბრძოლებს თავისი დღის წესრიგისთვის, ოღონდ თავისი იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობა არ ექნება. ეს არის გასაკეთებელი და მე რასაც ვუყურებ, ნიკა მელია ამას ახორციელებს. კიდევ უფრო მეტად არის ეს გასაკეთებელი. პოლიტიკური მდგენელი უნდა გაჩნდეს. აქეთ არის დისკუსია წამოსაწყები ამ გამსხვილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგი უგულავამ TV პირველის ეთერში.

მისივე შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა არის იდეა, რომელიც ეროვნული მოძრაობის ხაზის მემკვიდრეა და დღევანდელობაში ებრძვის საბჭოურ გადმონაშთს, როგორიცაა ქართული ოცნება.

“აქედან გამომდინარე, ის არის დიდი პარტია და ქოლგა პარტია არის ტერმინი, რომელიც, მაგალითად, ამერიკაში გამოიყენება, სადაც არსებობს რამდენიმე ფრაქცია, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაშია. ეს კონკურენცია არის საჯარო, ღია.

ეს რეფორმა ნაციონალურ მოძრაობას კიდე უფრო მეტ ამომრჩეველს და მეტ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს მოუყვანს. ისეთს, რომელსაც სურს, საბჭოთა კავშირი მართლა დავტოვოთ წარსულში”,– აღნიშნა უგულავამ.