საქართველოს მთავრობამ მოატყუა უკრაინა, რომ ომისას რუსეთთან მოლაპარაკებას არ აწარმოებდა – უკრაინული მედია

უკრაინული მედია “Європейська правда”-ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მოატყუა უკრაინის საელჩო, რომ არ აწარმოებდა რუსეთთან მოლაპარაკებას უკრაინაში მიმდინარე ომის დროს.

მათი ცნობით, რუსეთის განცხადებას, რომ სურთ 15 ქართველი მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემა, მოჰყვა კონსულტაციები კიევსა და თბილისში ოფიციალურ პირებს შორის.

უკრაინული მედია წერს, რომ დიალოგის დროს ქართველმა დიპლომატებმა უკრაინელები დაარწმუნეს, რომ ეს ინფორმაცია იყო “რუსული ფეიკი“.

“საელჩომ მაშინვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია და თქვა, რომ ეს იყო სიცრუე და რუსული მედიის ყალბი პრაქტიკის კიდევ ერთი დადასტურება.

უკრაინის საელჩომ ასევე მიიღო გარანტია საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ რუსეთთან არამარტო მოლაპარაკებას არ აწარმოებს, არამედ რუსეთის ბაზარზე შესვლითაც არ არის დაინტერესებული. “ქართულ მხარეს აქვს რძისა და რძის პროდუქტების დეფიციტი საკუთარ ბაზარზე და არც აპირებს რაიმეს ექსპორტს რუსეთში”,– თქვა უკრაინელმა დიპლომატმა Європейська правда-ს ცნობით.

ამის შემდეგ 15 მწარმოებლისთვის ბაზრის გახსნის შეთავაზება დაადასტურა საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. უწყება Facebook-გვერდზე წერს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 2020 წლიდან აწარმოებს.

რუსეთის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც როსსელხორნადზროსის ხელმძღვანელმა გამართა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან, გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან.

ბაზრის გახსნის შესახებ ვიდეომიმართვა ჩაწერა პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამაც და ქართველ ხალხს მოუწოდა, საქართველოს მთავრობასთან გაარკვიონ ეს საკითხი და პრობლემა მოაგვარონ.