“გამარჯობა, მინდა მივმართო ქართველ ხალხს და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები და ბარიერები მოხსნა ქართულ რძეზე, ღვინოზე და ა.შ. იმისთვის რომ მოიპოვოს საქართველოს ლოიალური დამოკიდებულება უკრაინა-რუსეთის ომში.

მე მინდა ყველა ქართველს ვუთხრა, მე თავად ქართველი ვარ, რომ როცა რუსეთი საქართველოს  დაესხა თავს, უკრაინამ მაშინვე, მიუხედავად ყველანაირი ეკონომიკური დანაკარგებისა, ყველა საჭირო დახმარება გაუწია – მიაწოდა სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ინსტრუქტორები იმისათვის რომ მხარი დაეჭირა მეგობარი ქვეყნისთვის, ძმა ერისთვის.

ეს არის საქართველოს პასუხი? – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ, მაშინ როცა რუსეთი თავს გვესხმის?! გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე მჯერა თქვენი, გაარკვიეთ საქმე თქვენს მთავრობასთან, მოაგვარეთ ეს საკითხი, რადგან არ ვისურვებდით გვენახა ასეთი ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა ქართველი ხალხისგან.

მე ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ქართველი ვარ. ვცხოვრობ უკრაინაში, აქ ხელისუფლებაში ვარ. დღეს მრცხვენია”

მიმართავს ქართველ ერს დავით არახამია, პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე და უკრაინის დელგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებში. ცნობისთვის, დღეს რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ სურს 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამაზე მოლაპარაკებებს 2020 წლიდნ აწარმოებენ.