შოკების პერიოდი-როგორ აისახება საწვავის კრიზისი რუსეთის ეკონომიკასა და ბიუჯეტზე

რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა თანდათან უარესდება. უკრაინასთან ომის მეხუთე წელს რუსეთი მზარდ საბიუჯეტო დეფიციტს, მცირე და საშუალო ბიზნესის დახურვას, ბოლო კვირებში კი — ბენზინის მიწოდების შეფერხებებსაც შეეჯახა. რუსეთს ლიკვიდური რეზერვები უკვე ცოტა დარჩა — მათი მეშვეობით ბიუჯეტში წარმოქმნილი ხვრელის დაფარვა ვეღარ მოხერხდება. საუბარი არ არის სწრაფად განვითარებად მასშტაბურ კრიზისზე, არამედ პრობლემების თანდათან დაგროვებასა და ადამიანების ცხოვრების გაუარესებაზე. ეს პროცესი კი არ შეჩერდება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება.

“ბენზინზე ნადირობა“ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყოველდღიურ რეალობად იქცა. ისინი ხან საათობით რიგში დგანან, ხან კი უბრალოდ ვერ პოულობენ ადგილს, სადაც ბენზინს ყიდვა თუნდაც მრავალსაათიან რიგში დგომით არის შესაძლებელი. მსგავსი ისტორიების ამსახველი ვიდეოები რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ვრცელდება.

ყოველდღიურად კრიზისი უფრო სისტემური ხდება — ირღვევა მიწოდების ჯაჭვები. ავტოგადამზიდავებს ბენზინის პოვნა უჭირთ: შედეგად უკვე ფერხდება ტვირთების მიწოდება და ისმის გაფრთხილებები, რომ ლოგისტიკა გაძვირდება, მასთან ერთად კი — საქონელიც. პრობლემები ექმნებათ ტაქსის მძღოლებსაც, რომლებიც ხაზზე უფრო იშვიათად გადიან. რაც ნაკლები ტაქსია ქალაქში, მით უფრო იზრდება მათი მომსახურების ფასი. ზოგიერთ რეგიონში გაუარესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.

საწვავის დეფიციტმა შესაძლოა სოფლის მეურნეობაც დააზარალოს. გაზეთი „კომერსანტი“ მოსავლის აღების შეფერხებაზე წერდა. ფერმერები დიზელის ნაკლებობაზეც ჩივიან.

საწვავის კრიზისი 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის ეკონომიკისთვის ახალი შოკი გახდა. იანვარში რუსები მაღაზიებში ფასების ზრდამ შეაშინა, რაც დღგ-ის გაზრდამ გამოიწვია. შემდეგ, ამავე საგადასახადო ზრდის გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი დახურვის ზღვარზე აღმოჩნდა, ხოლო სოციალური ქსელები მეწარმეების ისტორიებით გაივსო — ისინი წერენ, რომ გაზრდილ საგადასახადო ტვირთს ვეღარ უმკლავდებიან. ბიზნესისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო ინტერნეტის მუდმივი გათიშვები და პოპულარული რესურსების, მათ შორის Telegram-ისა და WhatsApp-ის, ბლოკირება.

მეორე კვარტალში მშპ-ის ზრდის ტემპების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, თუმცა ირიბი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ვითარება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა — ეკონომიკა ან მცირე კლებას აჩვენებს, ან ძალიან სუსტ ზრდას.

ამ წლის იანვრიდან მაისამდე სამრეწველო წარმოება წლიურ ჭრილში მხოლოდ 0,4%-ით გაიზარდა — თუმცა მაისში ის უკვე მინუსისკენ წავიდა. აპრილიდან რუსეთში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაც მცირდება. წლის პირველ ხუთ თვეში ტვირთბრუნვა 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა, სამაგიეროდ საცალო ვაჭრობა 5%-ით გაიზარდა.

„ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ოჯახების მოხმარებაა, დანარჩენი კი, უფრო მეტად, ან მცირდება, ან არ იზრდება. თუ არამომხმარებლურ სექტორებზე ვსაუბრობთ, სამოქალაქო სეგმენტში სიცოცხლე ძლივსღა ფეთქავს, ზოგან კი სრულიად მკაფიოდ ჩანს ვარდნა“, — განმარტავს ეკონომისტი ევგენი ნადორშინი.

2026 წლის დასაწყისში რუსეთში 209 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესი დაიხურა, დაითვალეს კონტრაგენტების შემოწმების სერვის „კონტურ.ფოკუსის“ ანალიტიკოსებმა. ეს 9%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში, წერს Forbes. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდნენ მოდური ტანსაცმლის ბრენდები, საზოგადოებრივი კვება და სხვადასხვა სილამაზის მომსახურება. პრობლემები შეექმნათ ქსელებსაც, რომლებიც სავაჭრო ობიექტებს ხურავენ. თავად კომპანიები დახურვას ხსნიან იმით, რომ გაზრდილ გადასახადებს, ხელისუფლების მიერ შემოღებულ მრავალ ახალ გადახდას და ძალიან ძვირ კრედიტებს ვეღარ უმკლავდებიან.

ბენზინის კრიზისი ვითარებას, სავარაუდოდ, ვერ შეამსუბუქებს. კომპანიების ხარჯები გაიზრდება უფრო ძვირი ლოგისტიკისა და წარმოების ღირებულების გამო.

ჯერჯერობით ბენზინის დეფიციტი ინფლაციაზე სერიოზულად არ მოქმედებს. თუმცა ცენტრალურ ბანკში რისკებზე უკვე შფოთავენ— ამის შესახებ რეგულატორის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ ისაუბრა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კრიზისი გაფართოვდებოდა, მან თქვა, რომ საწვავის ფასების ზრდა ივლისის ინფლაციაზე აისახებოდა. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსეი ზაბოტკინმა გასულ კვირას РБК-ის ეთერში განაცხადა, რომ ცბ საწვავის კრიზისს მიწოდების შოკად განიხილავს.

რეგულატორი გასული წლის მაისიდან თანმიმდევრულად ამცირებს საკვანძო განაკვეთს — 21%-დან ამჟამინდელ 14,25%-მდე. თავის დროზე ცბ იძულებული გახდა განაკვეთი ამ დონემდე გაეზარდა მაღალი ინფლაციის ფონზე, რომელიც ეკონომიკის გადახურებამ და დიდმა სამხედრო ხარჯებმა გამოიწვია. მას შემდეგ ცენტრალური ბანკი განაკვეთს თანდათან ამცირებს, თუმცა ტემპი საკმაოდ ნელია — ეს ბიზნესის მხრიდან მწვავე კრიტიკას იწვევს.

თუ ბენზინის დეფიციტის გამო ფასების ზრდა დაჩქარდება, ცენტრალური ბანკი იძულებული იქნება, განაკვეთის შემცირების ტემპი კიდევ უფრო შეანელოს ან ამ პროცესში პაუზა აიღოს — რაც ბიზნესის მხრიდან კიდევ უფრო მწვავე კრიტიკას გამოიწვევს. ამგვარად, „ბენზინის კრიზისი“ რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს.

წლის დასაწყისიდან ივნისამდე რუსეთის ნავთობ-გაზის შემოსავლებმა 3,6 ტრილიონი რუბლი შეადგინა — ეს თითქმის 23%-ით ნაკლებია, ვიდრე 2025 წლის იმავე პერიოდში. შემოსავლები ნაკლები აღმოჩნდა მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის ომისა ირანთან, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და ნავთობის ფასების ზრდისა.

ბიუჯეტის შემოსავლები, რომლებიც ნავთობსა და გაზს არ უკავშირდება, წლის პირველ ხუთ თვეში 11,8 ტრილიონი რუბლი იყო — ეს გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია. აქ იმოქმედა დღგ-ის გაზრდამ და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ — ანუ ყველაფერმა იმან, რაც ეკონომიკისთვის შოკად იქცა.

ერთი შეხედვით, რუსეთს საკმარისი რეზერვები აქვს იმისთვის, რომ ბიუჯეტის დეფიციტს გაუმკლავდეს. ეროვნული კეთილდღეობის ფონდში — ქვეყნის მთავარ სარეზერვო ფონდში — თითქმის 13 ტრილიონი რუბლია. მაგრამ აქედან მხოლოდ 3,5 ტრილიონი რუბლია ჩადებული ლიკვიდურ აქტივებში — ანუ მათში, რომელთა სწრაფად და მარტივად გაყიდვაც შეიძლება. კიდევ 9,5 ტრილიონი რუსული კომპანიების სხვადასხვა ფასიან ქაღალდებშია ჩადებული — ნაწილობრივ ეს ბიზნესის დახმარებაა და ამ ფულის უბრალოდ უკან წამოღება რთული იქნება.

ივნისის დასაწყისში სააგენტო Bloomberg წერდა, რომ ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ვლადიმირ პუტინისთვის ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ბიუჯეტი ხარჯების ამჟამინდელ დონეს ვერ უძლებს, და ომის დაფინანსების შემცირებას სთავაზობდნენ. პასუხად პუტინმა მათ სამოქალაქო ხარჯების შემცირება შესთავაზა.

თუ ეს მოხდება, ხარჯების შემცირება ისევ ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წელს ეკონომიკის 0,4%-იან ზრდას ელოდება — ფაქტობრივად, ეს სტაგნაციაა. ცენტრალური ბანკი 0,5-1,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი — 1,1%-ს. თუნდაც სსფ-ის შედარებით ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდეს, ეს მაინც ძალიან სუსტი ზრდაა, რომელიც ბიუჯეტის მზარდ ხარჯებს ვერ უზრუნველყოფს.

პერსპექტივის გარეშე

„რუსეთის სამხედრო ეკონომიკა იმით ცხოვრობს, რომ ის რესურსებს ყიდულობს“, — განმარტავს ამერიკული პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ელინა რიბაკოვა. „რატომ ყიდულობენ ამ რესურსებს? იმიტომ, რომ ფული აქვთ. რატომ აქვთ ფული? იმიტომ, რომ ფული მიწიდან მოდის. სწორედ ეს არის რუსეთის უნიკალური ვითარება“, — ამბობს ის. რიბაკოვას აზრით, ეს რუსეთის ეკონომიკას გამძლეობის დიდ მარაგს აძლევს.

მაგრამ ეს მარაგიც შეზღუდულია. „ისინი [რუსი ჩინოვნიკები] ეკონომიკის ყველა დანარჩენ სექტორს ავიწროებენ, რათა სამხედრო მრეწველობაში მაინც გაგრძელდეს რაიმე ზრდა“, — რიბაკოვას აზრით, რუსეთის ეკონომიკა ახლა სწორედ ამ წერტილშია. თუმცა, დასძენს ის, შენელება უკვე სამხედრო სექტორშიც დაიწყო.

„გამოდის, თითქოს ყველგან, ყველა კუთხე-კუნჭულში ვეძებთ რესურსებს, მაგრამ ამ კუთხე-კუნჭულებშიც სულ უფრო ნაკლები რჩება“, — აგრძელებს ეკონომისტი. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, კიდევ იპოვოს რესურსები „აგრესიული ომის“ გასაგრძელებლად — ეს არის გადასახადების გაზრდაც, ბანკების დახმარებაც, რათა დაკრედიტება გაგრძელდეს, და სხვა ზომებიც.

მსგავს შეფასებებს ეთანხმებიან სხვა ეკონომისტებიც. „ბიუჯეტი ფულს აგროვებს და მას გეოპოლიტიკაზე მიმართავს, რაც ეკონომიკის ზრდას დიდად არ უწყობს ხელს“, — განმარტავს ეკონომისტი ევგენი ნადორშინი.

ეკონომიკის მილიტარიზაცია, ბიუჯეტის პრობლემები და სამოქალაქო სექტორების სტაგნაცია რუსეთის ეკონომიკას პრაქტიკულად ართმევს მომავალში ზრდის პერსპექტივას.

„რუსეთში ბოლო დროს აშკარაა, რომ გრძელვადიანი ზრდა ძალიან პრობლემურია, რადგან ის ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა ინვესტიციები, ტექნოლოგიები და ადამიანური კაპიტალი — ამ ყველა მიმართულებით კი რუსეთს დიდი პრობლემები აქვს“, — მიიჩნევს ბარსელონის პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის პროფესორი რუბენ ენიკოლოპოვი, რომელიც რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ არის გამოცხადებული. ცალკე ის სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემასაც აღნიშნავს: ცუდმა დემოგრაფიამ, ადამიანების ფრონტზე წასვლამ და ემიგრაციამ ქვეყანაში მუშახელის ნაკლებობა გამოიწვია.

„ციკლი დადებითად დასრულდა, შემდეგ ქვემოთ წავიდა, და ჩვენ მინიმუმ გრძელვადიანი ზრდის იმ ტრაექტორიაზე ვბრუნდებით, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, შთამბეჭდავი არ არის… ეს დიდხანს გაგრძელდება, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა. მომავლის ტრაექტორია, პირველ რიგში, სამხედრო მოქმედებებზე და ომთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. თუ ზავს ან მშვიდობას დადებენ, ტრაექტორია შეიცვლება. თუ არა — იგივე გაგრძელდება, უბრალოდ ყველაფერი უფრო და უფრო გაუარესდება“, — განმარტავს ენიკოლოპოვი.