გაფართოების პირველ ფორუმზე „ქართული ოცნება“ მიწვეული არ არის. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს”დაუდასტურეს.
ფორუმი ევროკომისიის ორგანიზებით, 18 ნოემბერს ბრიუსელში იმართება, რომელსაც ევროკომისარი მარტა კოსი უმპასპინძლებს.
ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკის ექსპერტები ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, მეწარმეები, ხელოვანები წევრი სახელმწიფოებიდან და გაფართოების ქვეყნებიდან.
ევროკომისიის პრესრელიზში ახსნილია გაფართოების უპირატესობები პოლიტიკურ, ეკომომიკურ და სოციალურ ასპექტებში.
- „გაფართოების ფორუმი კომისიის ფლაგმანური ინიციატივის როლს შეასრულებს, რათა გაფართოება საერთო პოლიტიკურ, სოციალურ და თაობათა პროექტად იქცეს. გაფართოება უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების წინსვლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ასევე მმართველობასა და კანონის უზენაესობაში რეფორმების განსახორციელებლად. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ამბიციური გაფართოების დღის წესრიგით, კომისიის 2024–2029 წლების სტრატეგიული ხედვა მოითხოვს ამბიციიდან შესრულებაზე გადასვლას სანდო, დამსახურებაზე დაფუძნებული, ინკლუზიური და მომავალზე ორიენტირებული მიდგომით, რომელიც ასახავს ევროპის ღირებულებებს და ამზადებს მას მომავლისთვის“ – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
შეგახსენებთ, ევროკომისიის 2025 წლის გამოქვეყნებულ ანგარიშში ნახსენებია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსიგან მხოლოდ სახელია დარჩენილი. წლიური ანგარიში აფასებს კანდიდატი ქვეყნების პროგრესულობას ევროინტეგრაციის კუთხით. 10 კანდიდატი ქვეყნიდან საქართველოს დასკვნა მკვეთრად უარყოფითია კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში ნახსენებია პოლიტიკოსების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების დევნა და სასამართლო სისტემის ეჭვქვეშ დაყენებული სანდოობა.












