CIA: უკრაინაში ომში რუსი ჯარისკაცი საშუალოდ 30 წუთს ცოცხლობს

CIA-ის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე ახალწვეული რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 20–30 წუთია. მისი თქმით, ეს ხელოვნური ინტელექტის მქონე უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებას უკავშირდება.

რუსი ახალწვეულები უკრაინაში ომში ჩასვლიდან საშუალოდ 20–30 წუთში იღუპებიან, განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა აშშ-ის პენსილვანიის შტატში გამართულ თავდაცვისა და ინოვაციების სამიტზე.

„ჩვენი სადაზვერვო მონაცემები ემთხვევა ღია წყაროებში გავრცელებულ ზოგიერთ ცნობას, რომლებიც შესაძლოა უკრაინასთან დაკავშირებით გინახავთ“, — აღნიშნა რეტკლიფმა. მისი თქმით, ჯარისკაცებისთვის გადარჩენა უფრო რთული გახდა, რადგან „ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატები სპეციალიზებულ და იაფ მკვლელობის მანქანებად იქცა“.

რეტკლიფის თქმით, უკრაინის მიერ ახალი ტექნოლოგიების ათვისება „მძლავრი გამათანაბრებელი ფაქტორი“ გახდა და რუსეთის არმიის წინსვლის ტემპის შემცირება გამოიწვია.

CSIS: უკრაინული დრონების გამო რუსეთის დანაკარგები ხუთჯერ გაიზარდა

2026 წელს რუსეთის არმია უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შედარებით რვაჯერ მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავდა, ამტკიცებენ ვაშინგტონში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის — სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის, CSIS-ის — ანალიტიკოსები.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოყოლებული, მოკლულთა, დაჭრილთა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონ სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. მათგან 1,4 მილიონი რუსეთის მხარეზე მოდის.

თუ ომის უმეტეს პერიოდში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების თანაფარდობა 2:1 ან 3:1 იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში, შეფასებების მიხედვით, ის 8:1-მდე გაიზარდა. ზოგიერთი მონაცემით, რუსეთის დანაკარგების 90 პროცენტზე მეტი სწორედ უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებზე მოდის და არა უშუალო საბრძოლო შეტაკებებზე.