ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში, ბედმინსტერის თავზე მოქმედი ფრენების დროებითი შეზღუდვის ზონა (TFR) დაარღვიეს. სწორედ ბედმინსტერში მდებარეობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კერძო გოლფ-კლუბი.
ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) განაცხადა. სამოქალაქო თვითმფრინავები სამხედრო ავიაციამ აღნიშნული ზონიდან უსაფრთხოდ გაიყვანა.
ტრამპი გოლფ-კლუბში იმყოფებოდა
საერთო დანიშნულების ავიაციის პილოტებს მოუწოდეს, ყოველი გაფრენის წინ შეამოწმონ პილოტებისთვის განკუთვნილი ოფიციალური შეტყობინებები (NOTAM) და დაიცვან ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გასულ უქმეებზე დონალდ ტრამპი სწორედ ბედმინსტერის გოლფ-კლუბში იმყოფებოდა.
ამერიკული ტელეარხი Fox News და გამოცემა The New York Post წერენ, რომ თვითმფრინავები ერთ-ერთი გოლფის მოედნის სიახლოვეს, საჰაერო სივრცეში გააჩერეს.
აშშ-ის სამხედრო უწყებას არ დაუკონკრეტებია, რამდენი გამანადგურებელი მონაწილეობდა ოპერაციაში. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის თვითმფრინავებმა დაარღვიეს ფრენებზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა.
სააგენტო dpa აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები, როგორც წესი, მცირე ზომის კერძო ან საერთო დანიშნულების თვითმფრინავებთან დაკავშირებით ხდება.



