“მნიშვნელოვანი უკუსვლა“– ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობაზე

spot_imgspot_img

ევროკავშირმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 2025 წელია მიმოხილული ქვეყნების მიხედვით, მათ შორის არის საქართველოც. დასკვნა კრიტიკულია და საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ნახეთ სრულად ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება

ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის მიმოხილვა–საქართველო

ადამიანის უფლებები მკაცრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს.

2025 წელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული და ზოგ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას უტოლდებოდა. არცერთი დამნაშავე არ მიცემულა პასუხისგებაში, რამაც დაუსჯელობის გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

თვითნებური დაკავებების, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენებისა და მომიტინგეებისა და ჟურნალისტებისთვის არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შეფარდების შემთხვევები სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები დემონსტრაციებში მონაწილე ქალებზე ფიზიკურად ძალადობდნენ, სექსუალურად ავიწროებდნენ და გაუპატიურებით ან სიკვდილით ემუქრებოდნენ.

ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტმა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტმა, უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და მედიის თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობაზე.

ფართოდ ვრცელდებოდა ინფორმაცია ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობისა და თვითნებური დაკავებების შესახებ.

საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რომლებმაც სერიოზულად შეარყია დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და დემოკრატიული პროცესების საფუძვლები და ფაქტობრივად გააუქმა მოქალაქეთა მონაწილეობა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა.

სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვით ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემა რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა, რათა ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ჩამოერთმია და განსხვავებული ხმები ჩაეხშო.

სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული ხმები ასევე დაშინების წინაშე აღმოჩნდნენ, ხოლო მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა უფრო ფართოდ გავრცელდა.

საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა პოლიტიკური პლურალიზმიც, რადგან მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს.

სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ეწინააღმდეგებოდა ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროკომისიის „საქართველო 2025“ ანგარიში.

საქართველომ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ 2025 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში 114-ე ადგილი დაიკავა, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (WJP) 2025 წლის კანონის უზენაესობის ინდექსში — 52-ე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში — 56-ე, ხოლო CIVICUS Monitor-ის შეფასებით მიიღო 34 ქულა 100-დან, რაც რეპრესირებულ სამოქალაქო სივრცეზე მიუთითებს.

ევროკავშირის ქმედებები — ძირითადი მიმართულებები

ევროკავშირი მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლა, გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა და გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებისა და კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად.

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეთა ადამიანის უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი, ასევე გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული პირები.

ეს მოწოდებები 2025 წლის დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამაც გაიმეორა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს იმ მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის მიმართ აქვს.

ევროკავშირი განაგრძობდა იმის შეფასებას, თუ რამდენად შეესაბამება საქართველო ვიზალიბერალიზაციის ნიშნულებს. 2025 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ მმართველობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში კიდევ უფრო განიცადა უკუსვლა და კვლავ არღვევს ამ ნიშნულებს.

კომისიამ ახალი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში დაიწყო პროცედურა, რომლის მიზანია დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნისგან გათავისუფლების შეჩერება.

ევროკავშირის ორმხრივი პოლიტიკური ჩართულობა

2024 წლის ივნისში, ოქტომბერსა და დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო გამოიწვია წინასწარი გაწევრიანების პროცესის შეჩერება.

2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ გამართულა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა.

ევროკავშირი განაგრძობდა ორმხრივი კონტაქტების დონის შემცირებას.

ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგი 2023 წლის ივნისის შემდეგ აღარ გამართულა.

ევროკავშირის ფინანსური ჩართულობა

დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების შედეგად, 2025 წელს ევროკავშირმა კვლავ შეაჩერა ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ იყო განკუთვნილი.

სამოქალაქო სივრცის შევიწროებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, 2024 წლის ოქტომბრიდან NDICI-ის ორმხრივი და თემატური დაფინანსების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 24 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებაზე გაფორმდა კონტრაქტები.

მიმდინარე მხარდაჭერა ფოკუსირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზნობრივ დახმარებაზე, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლაზე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე, ბავშვთა უფლებებზე, ლგბტი პირთა უფლებებზე, ნდობის აღდგენაზე, ასევე დეზინფორმაციასთან, უცხოურ ჩარევასა და მანიპულაციასთან ბრძოლაზე.

ევროკავშირი აგრძელებდა სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერას ომბუდსმენის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველები, ასევე სარგებლობენ გაზრდილი მხარდაჭერით რეგიონული „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის“ ფარგლებში, რომლისთვისაც 2025-2027 წლებისთვის 10 მილიონი ევროა გამოყოფილი, ასევე რეგიონული პროგრამებიდან, რომლებიც ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას უჭერს მხარს.

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ — PGG III — გაგრძელდა შემცირებული აქტივობებით, რომლებიც ძირითადად სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო ორიენტირებული.

საქართველო ასევე აგრძელებდა სარგებლობას ევროკავშირის თანადაფინანსებული პროექტით, რომელსაც მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია ახორციელებს და რომელიც საქართველოში სასამართლოების მართვის მოდერნიზაციას უჭერს მხარს.

მრავალმხრივი კონტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობა და მისი გადაწყვეტილებების აღსრულება არასაკმარისია. ამჟამად მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ 45 საქმე იმყოფება.

საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის — OSCE/ODIHR-ის — სადამკვირვებლო მისია, რათა 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე სრულფასოვანი დაკვირვება შესაძლებელი ყოფილიყო.

გარდა ამისა, საქართველომ ვერ გაითვალისწინა OSCE/ODIHR-ის წინა არჩევნებთან დაკავშირებული ვერცერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.

საქართველო 2025 წლის ბოლომდე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს არჩეულ წევრად რჩებოდა.

ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურმა პროცედურებმა საქართველოს მოუწოდეს, გამოიძიოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ზოგადად კარგი თანამშრომლობა შენარჩუნდა, საქართველო არ შეუერთდა რამდენიმე საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივას.

spot_imgspot_img

პოპულარული

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ...

მოსკოვში გაქცეული დიქტატორის განაჩენი: ბაშარ ალ-ასადს სირიაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს...

ირანი გეგმავს 15 000 კილომეტრის სიშორის ბალისტიკური რაკეტის შექმნას, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ-ნაბი მუსავი ფარდმა, პარასკევის ლოცვის...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

გლოვოს კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას...

ირანში, ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებით მინიმუმ 56 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ფოლკერ ტიურკი, ირანში სიკვდილით...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის...
spot_img

ყველა ამბავი

ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ

5 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია, რომ სიჩქარის გადაჭარბების პრევენციის მიზნით გაგრძელდება მუშაობა იმ სისტემის დანერგვაზე,...

კობახიძემ „დიპ-სტეიტის“ ახალი „გეგმა“ გაშიფრა, რომელიც რუს ტურისტებს უკავშირდება

ირაკლი კობახიძის განცხადებით „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ...

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. სად და რა პირობებით არის შესაძლებელი მათი შეძენა

შპს “საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია და პირველ ეტაპზე მიღებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით...

ირანის მუქარის გამო ტრამპმა ანკარა სხვა თვითმფრინავით დატოვა-აეროპორტში კი ბორტის კვების ფურგონით გადაადგილდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივლისის დასაწყისში, ანკარაში NATO-ს სამიტის დატოვებისას, გაფრენამდე ფარულად შეიცვალა თვითმფრინავი და ორ საჰაერო ხომალდს შორის...

ირანი გეგმავს 15 000 კილომეტრის სიშორის ბალისტიკური რაკეტის შექმნას, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ-ნაბი მუსავი ფარდმა, პარასკევის ლოცვის დროს განაცხადა, რომ ირანი საკუთარი რაკეტების მოქმედების სიშორის 15 000...

Politico: ევროპას უჭირს უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება

უკრაინას ასობით რაკეტა სჭირდება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რათა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან, რომლებიც, სავარაუდოდ, ზამთარში კიდევ უფრო გაძლიერდება....

12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა–სად დაიფარება მზე მთლიანად და ვინ ნახავს იშვიათ სანახაობას

12 აგვისტოს დედამიწის რამდენიმე რეგიონში დღისით ცა რამდენიმე წუთით უჩვეულოდ შეიცვლება — მთვარე მზეს მთლიანად გადაეფარება და მზის სრული...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება“რუსთავის #5 ქალთა დაწესებულების ადმინისტრაციამ...

დამწყები მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება.მათთვის სანქციები უფრო მკაცრი იქნება

2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა წერია, რომ ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი...

„ოცნების“ ლიდერები შინდისში: წინა ხელისუფლება მოღალატეა, ომი მათ დაიწყეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.კობახიძის წინა...

მოსკოვში გაქცეული დიქტატორის განაჩენი: ბაშარ ალ-ასადს სირიაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერ ასადს, დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადაწყვეტილება...

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის რეგისტრაციის გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით, სასამართლოს კრემლის მომხრე...