აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანას ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყება სურს. ამის ერთადერთი მარშრუტი კი საქართველოსა და თურქეთზე გადის.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო იქნება პირველი ტრანზიტული ქვეყანა, სადაც აზერბაიჯანულმა ელექტროენერგიამ უნდა გაიაროს, შევიდეს თურქეთში და ამის შემდეგ ევროპის ქსელში განაწილდეს.
ალიევის განცხადებით, რეგიონში აზერბაიჯანის გარდა არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ენერგორესურსების ასეთი დიდი მარაგი — ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის სახით. ქვეყანა უკვე აწვდის ევროპას ნავთობსა და გაზს და ახლა ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობის გაფართოებასაც განიხილავს.
„დღეს ერთადერთი მარშრუტი არის საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. კერძოდ, შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზადაა. თუმცა მეორე გადამცემი ხაზი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს“, — განაცხადა ალიევმა.
პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ 2024 წლის ნოემბერში ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან ერთად შეთანხმდნენ კასპიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანაზე და შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.



