აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სანქცირებული ნავთობტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella 1) კაპიტანს, საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძეს. 47 წლის ქართველ მეზღვაურს, რომელმაც ბრალი აღიარა, 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაუყოვნებლივ მოახდენენ მის დეპორტაციას.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური მასალების მიხედვით, კალანდაძე მეთაურობდა ტანკერ Bella 1-ს, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შედიოდა. აღნიშნული ხომალდი აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული და ვენესუელური წარმოშობის ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
ამერიკული გამოძიებით დადგინდა, რომ კაპიტნის მეთაურობით გემმა აზიაში დაახლოებით 1.8 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი გადაზიდა. კვალის ასარევად ტანკერი ხშირად თიშავდა ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემას (AIS) და მალავდა მონაცემებს ღია ზღვაში ტვირთის გადაზიდვისას.
კრიზისი მაშინ გამწვავდა, როდესაც ვენესუელისკენ მიმავალი ცარიელი ტანკერი აშშ-ის სანაპირო დაცვის სამხედრო ხომალდმა Munro-მ შეაჩერა. კალანდაძემ უგულებელყო ამერიკელი სამხედროების ბრძანება გემის გაჩერების შესახებ და გაქცევა სცადა.
საერთაშორისო საზღვაო გამოცემების ცნობით, დევნა ატლანტის ოკეანეში ორ კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა. გაქცევის პროცესში კაპიტანმა გემს სახელი სასწრაფოდ გადაარქვა, კორპუსზე Marinera წააწერა და Ghana-ს დროშის ნაცვლად რუსეთის ფედერაციის დროშა აღმართა, რათა ამერიკელ სამხედროებს მასზე კონტროლი ვერ დაემყარებინათ( კაპიტანმა კალანდაძემ იცოდა, რომ თუ გემზე რუსეთის დროშა იფრიალებდა, მოსკოვი ამერიკელებს გემის შემოწმების ნებართვას არანაირ შემთხვევაში არ მისცემდა).
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა, საზღვაო ქვეითებმა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა ტანკერის დაკავება ჩრდილოეთის ზღვაში, ისლანდიასთან ახლოს მოახერხეს. კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე გემიდან მოხსნეს, დიდი ბრიტანეთის წყლებიდან აშშ-ის სამხედრო ხომალდით გაიყვანეს და ამერიკაში გადააფრინეს. გემზე იმყოფებოდნენ ეკიპაჟის სხვა წევრებიც, მათ შორის საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც მოგვიანებით სამშობლოში დააბრუნეს.
მიმდინარე წლის ივნისში ქართველმა კაპიტანმა სასამართლოში ბრალი ოფიციალურად აღიარა. კალანდაძეს მაქსიმალურ სასჯელად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა შეთანხმების საფუძველზე მოსამართლემ მას მხოლოდ 10 თვე მიუსაჯა. ვინაიდან სასჯელის ათვლა იანვრიდან (დაკავების დღიდან) დაიწყო, ის საპატიმროს უახლოეს პერიოდში დატოვებს და მოხდება მისი დეპორტაცია.
რაც შეეხება თავად 318,000 ტონიან ტანკერ Marinera-ს, აშშ-ის მთავრობამ ის უკვე ოფიციალურად ჯართად გაყიდა.



