ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების გამო მუშაობა შეაჩერეს ასევე “НЗТ”–მ და “НКХП”–მ.
ნოვოროსიისკის პორტში მდებარე მარცვლეულის ტერმინალი КСК მუშაობას აჩერებს „თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. ამის შესახებ 13 აგვისტოს, ხუთშაბათს, ტერმინალის მფლობელმა კომპანიათა ჯგუფმა „დელომ“ საკუთარ ვებგვერდსა და Telegram-ზე განაცხადა.
„ტერმინალი წყვეტს საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტიდან ტვირთის გადმოტვირთვას, მარცვლეულის საზღვაო გემებზე დატვირთვას და სხვა ოპერაციებს“, — ნათქვამია პრესრელიზში.
ერთი დღით ადრე, 12 აგვისტოს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შედეგად ნოვოროსიისკის პორტში მუშაობა შეაჩერა კიდევ ორმა მარცვლეულის ტერმინალმა — ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა (ООО „НЗТ“) და ნოვოროსიისკის პურის პროდუქტების კომბინატის ტერმინალმა (ПАО „НКХП“).
КСК რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ღრმაწყლოვანი მარცვლეულის ტერმინალია. მისი წლიური გამტარუნარიანობა 10,5 მილიონ ტონა მარცვლეულს შეადგენს. შედარებისთვის, „NZT“-ის წლიური სიმძლავრე 8,5 მილიონი ტონაა, ხოლო „NKHP“-ის — 7,1 მილიონი ტონა.
12 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც ნოვოროსიისკის პორტის ორმა სხვა მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადა,КСК –ს პრესსამსახურმა უკრაინულ თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა კრასნოდარის მხარეში
იმავე დღეს, 12 აგვისტოს, კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ რეგიონი ღამით უკრაინული დრონების მასირებულ თავდასხმას დაექვემდებარა.
მისი ინფორმაციით, დარტყმების უმეტესობა ნოვოროსიისკზე მოდიოდა, სადაც დაახლოებით 60 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. კონდრატიევის პოსტების თანახმად, სახლების დაზიანება დაფიქსირდა ასევე გელენჯიკში, ანაპასა და ტემრიუკის რაიონში.
გუბერნატორის განცხადებით, უკრაინული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა წლის ბავშვი. სულ მცირე 24 ადამიანი დაშავდა. კონდრატიევმა ასევე განაცხადა, რომ ნოვოროსიისკში დაზიანდა წყალმომარაგების სისტემა და გზის საფარი, თუმცა მარცვლეულის ტერმინალებზე დარტყმები არ უხსენებია.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ წინა ღამით ნოვოროსიისკში განხორციელებული შეტევისას სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოთხმა ხომალდმა: ფრეგატებმა „ადმირალ მაკაროვმა“ და „ადმირალ ესენმა“, მცირე სარაკეტო ხომალდმა „ბუიან-M“-მა და საპატრულო ხომალდმა „ვასილი ბიკოვმა“.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსულ მხარეს არაერთხელ დაურტყამს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის. ასეთი თავდასხმების შედეგად ხშირად ზიანდებიან და იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.



