მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო ოლქში, სოფელ კოლედინოში მდებარე Wildberries-ის მორიგ საწყობში უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, — იუწყება გამოცემა Astra, რომელიც რუსეთში „უცხოელი აგენტების“ რეესტრშია შეყვანილი.
გამოცემის ცნობით, ცეცხლმოკიდებული ობიექტის ფართობი 200 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, რაც მას Wildberries-ის ქსელში ყველაზე დიდ საწყობად აქცევს.
უკრაინამ Wildberries-ის ობიექტებზე თავდასხმები 18 ივლისიდან დაიწყო და ამას იმით ხსნის, რომ კომპანია სამხედრო დანიშნულების საქონელს ყიდის.
კომპანიას ახალ თავდასხმაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ბოლო შეტევა, რომლის შესახებაც თავად Wildberries-მა განაცხადა, 13 აგვისტოს ბაშკორტოსტანის ჩიშმის რაიონში მოხდა.
დღის დასაწყისიდან რუსეთის დედაქალაქთან მიახლოებისას 132 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, — განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.
მისი ინფორმაციით, შეტევის შედეგად MKAD-ის რაიონში სამი ადამიანი დაშავდა.
ღამის განმავლობაში მოსკოვის აეროპორტებმა — ვნუკოვომ, დომოდედოვომ და ჟუკოვსკიმ — მუშაობა დროებით შეაჩერეს.
„პოდოლსკში უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრის შედეგად ინდუსტრიულ პარკ „კოლედინოს“ ტერიტორიაზე მდებარე Wildberries-ის საწყობში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის დროს თანამშრომლები თავშესაფარში იყვნენ გადაყვანილი — მათგან არავინ დაშავებულა“, — დაწერა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა Telegram-ზე.
მისივე ცნობით, დომოდედოვოში ასევე ხანძარი გაჩნდა მედიკამენტების საწყობში.
ვორობიოვის განცხადებით, მოსკოვის ოლქზე ღამის თავდასხმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო — რეგიონის თავზე 187 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.



