„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის – მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ ეკატერინე ხვედელიძის სახელზე რეგისტრირდება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებების თანახმად, ფონდის მფლობელობაში არსებული რამდენიმე მსხვილი კომპანია კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული GCF LP-ის შვილობილი, ლუქსემბურგული კომპანიის — GCF Luxembourg-ის ნაცვლად, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა.
აქამდე, კაიმანის კუნძულების ფონდი (GCF LP) ქართულ აქტივებს სწორედ ევროპული შუამავლის, GCF Luxembourg-ის მეშვეობით ფლობდა, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ისედაც ეკატერინე ხვედელიძე იყო.
ახალი სამართლებრივი მოწყობით და ლუქსემბურგული კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის პარალელურად კი, ის აღნიშნულ აქტივებს ოფშორული და ევროპული შუამავლების გარეშე, უშუალოდ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით უხელმძღვანელებს.
საკუთრებისა და იურიდიული სტრუქტურის ცვლილების განაცხადები საჯარო რეესტრში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე დარეგისტრირდა. მათ 100%-იან პირდაპირ მესაკუთრედ ოფიციალურად ეკატერინე ხვედელიძე დაფიქსირდა. ესენია: „აქსის თაუერსი“; „გალერია ჰოლდინგი“; „მტკვარი ჰოლდინგი“ და „აგრო ჰოლდინგი“.



