ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის ლარაკის კუნძულზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, იორდანიაში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზას ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს. სამიზნეებად ირანმა King Hussein-ისა და Al Azraq-ის სამხედრო ბაზები დაასახელა.
იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული რვა რაკეტა იქნა აღმოჩენილი და ჩაჭრილი. იორდანიის ოფიციალური ინფორმაციით, რაკეტები განადგურდა მანამდე, სანამ ისინი მოსახლეობას ან ინფრასტრუქტურას საფრთხეს შეუქმნიდნენ.
აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, მანამდე ამერიკულმა ძალებმა ლარაკის კუნძულზე ირანის ორი სარაკეტო გამშვები დანადგარი დაარტყეს. ვაშინგტონის განმარტებით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამ დანადგარებიდან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების გასაშვებად ემზადებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის მიერ იორდანიაში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო დარტყმის შესახებ ინფორმაცია თავად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა. ამასთან, ამერიკულ ბაზებზე მნიშვნელოვანი ზიანის ან მსხვერპლის შესახებ დამოუკიდებელი დადასტურებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.
მომხდარი აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების ახალ ესკალაციად განიხილება. ლარაკის კუნძულზე ამერიკული დარტყმის შემდეგ თეირანმა განაცხადა, რომ პასუხს გასცემდა, რასაც იორდანიის მიმართულებით სარაკეტო იერიში მოჰყვა.

