აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა იყო, რომელიც ირანთან ომსა და ამერიკული საბრძოლო მასალების მარაგების შემცირებას ეხებოდა, წერს The New York Times.
გამოცემის ინფორმაციით, შემოწმება აგვისტოში ჩატარდა, მას შემდეგ, რაც მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მნიშვნელოვანი საბრძოლო მასალების დეფიციტზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებზე.
NYT-ის შეფასებით, ასეთი მასშტაბური შემოწმების მიზანი მხოლოდ ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლო წყაროების გამოვლენა არ ყოფილა — ის ასევე გაფრთხილებად უნდა ქცეულიყო მათთვის, ვისაც მომავალში მსგავსი ინფორმაციის გაჟონვა შეეძლო.
გაზეთი გამოძიების მასშტაბს „უპრეცედენტოს“ უწოდებს. პოლიგრაფზე როგორც ოფიცრები, ისე სამოქალაქო თანამშრომლები შეამოწმეს. აშშ-ის ისტორიაში მაღალი რანგის სამხედროებს შორის მსგავსი მასობრივი შემოწმება მანამდე არ ჩატარებულა.
აშშ-ის გაერთიანებულ შტაბში 1500-დან 2000-მდე ოფიცერი და ოფიციალური პირი მუშაობს. ისინი მსოფლიოს მასშტაბით სამხედრო ოპერაციების, პოლიტიკისა და საბრძოლო გეგმების კოორდინაციას ახორციელებენ.
NYT: ტრამპი ინფორმაციის გაჟონვის წყაროების აქტიურ ძებნას მოითხოვდა
The New York Times-ის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ზეწოლას ახდენდა და მათ ინფორმაციის გამჟღავნების წყაროების აქტიურად მოძებნას სთხოვდა. მან „ღალატი“ უწოდა მედიაში ირანის ომში აშშ-ის მოქმედებების კრიტიკისა და საბრძოლო მასალების დეფიციტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
NYT წერს, რომ ინფორმაციის გაჟონვამ პენტაგონში უნდობლობისა და „პარანოიის“ ატმოსფერო გააძლიერა. მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების თქმით, ამ გარემოს თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთიც უწყობდა ხელს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჰეგსეთმა სულ მცირე 80 გენერალი, ადმირალი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი გადააყენა ან მათი დაწინაურება დაბლოკა.
კომიტეტის ხელმძღვანელი პოლიგრაფზე არ შეუმოწმებიათ
The New York Times-ის შემდეგ პოლიგრაფის ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ CBS News-მაც გაავრცელა ინფორმაცია. ტელეკომპანიის ცნობით, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ დენ კეინს, ტესტი არ ჩაუტარებია.
ორივე მედიასაშუალება ანონიმურ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა.
AFP-ის შეკითხვაზე პენტაგონის პრესმდივანმა შონ პარნელმა შიდა საკადრო და საგამოძიებო საკითხებზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ უწყება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერ გაჟონვას „უკიდურესად სერიოზულად“ ეკიდება და შესაბამის გამოძიებებს ატარებს.

